სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, საქართველოში ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრი „ჯო ენის“ კლინიკის ბაზაზე შეიქმნება
საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით, საქართველოში ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრი გაიხსნება, რომელიც „ჯო ენის“ სამედიცინო ცენტრის ბაზაზე შეიქმნება.
საქართველოს ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრის პრეზენტაცია დღეს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში შედგა.
პროექტის პირველი ფაზა დაფინანსებულია USAID-ის მიერ (USAID, Washington DC) 700 000 დოლარის ოდენობით. პროექტი ხორციელდება Global Healing-თან და St. Jude Children’s Research Hospital-თან ერთად.
საქართველოს პრეზიდენტმა ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრის პროექტის დაწყებას მნიშვნელოვანი, ისტორიული ნაბიჯი უწოდა.
პრეზიდენტმა ამ მიმართულებით ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბავშვთა ონკოლოგია დღეს ძალიან სერიოზული პრობლემაა. მისი თქმით, ძალიან მძიმეა, როცა ოჯახები იძულებულები ხდებიან, საზღვარგარეთ მიიღონ სრულყოფილი სამედიცინო მომსახურება.
„ცენტრის მშენებლობა „ჯო ენის“ სამედიცინო ცენტრის ბაზაზე უკვე დაწყებულია. „ჯო ენის“ სამედიცინო ცენტრში, რომელიც 20 წლის წინ შეიქმნა და ძალიან დიდი გამოცდილება აქვს, კარდიოლოგიის მიმართულებით უკვე მოქმედებს სახელმწიფო პროგრამა. ცენტრი აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად სწორედ მისი უნიკალურობის გამო შეირჩა“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა აშშ-ს მთავრობას და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ჯანდაცვის მიმართულებით გაწეული უდიდესი დახმარებისათვის და პროექტის პარტნიორებს ორგანიზაციებს: Global Healing-ს და St. Jude Children’s Research Hospital-ს.
„დღეს საქართველოს მდგომარეობიდან გამომდინარე, საზოგადოებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ პროექტი არ იქნება კომერციული ხასიათის, ეს არამომგებიანი პროექტია და ამიტომ გვჭირდება სახელმწიფოს მხარდაჭერა, დონორებისა და კერძო ბიზნესის მობილიზება და სადაზღვევო კომპანიებთან უფრო მოქნილი თანამშრომლობა“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, როცა ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრის დაარსების პროექტს საქართველოს პრეზიდენტი უწევს პატრონაჟს, ეს იმას ნიშნავს, რომ მისთვის, ქვეყნისა და სახელმწიფოსათვის ეს მიმართულება პრიორიტეტულია.
„ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ბავშვების ჯანმრთელობა და ამ მიმართულებით სახელმწიფო ზრუნავდეს მათზე“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, მორალური მხარდაჭერის გარდა, პროექტს მისი სახელობის კერძო ფონდში სპონსორებიდან მოზიდული თანხებითაც დაეხმარება.
,,ეს ფონდი, რომლის პრეზენტაციაც ოქტომბერში გაიმართება, იქნება ერთგვარი პლატფორმა იმისათვის, რომ ჩემი კონტაქტებით მოვიზიდოთ კერძო სპონსორები და დაფინანსება ამ მიმართულებით. ეს პროექტი იქნება პირველი, ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი ამ ფონდისათვის.
ჩემი ვიზიტების დროს ყოველთვის წამოვწევ ამ საკითხს და ყველა კონტაქტს გამოვიყენებ, რომ ჩვენ მივიღოთ ამ ცენტრისა და პროექტისთვის, არა მხოლოდ ფინანსური დახმარება. მომავალ კვირას, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ნიუ-იორკში შეხვედრები მექნება ამერიკულ ფონდებთან, რომ ვნახოთ, საიდან შეიძლება იყოს მოზიდული დამატებითი სახსრები, ასევე ინსტიტუციური დახმარება“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.