სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, დიასპორის საკითხებზე პირველი საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა
სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, დიასპორის საკითხებზე პირველი საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა

დიასპორის ჩართულობის შესაძლებლობებსა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მომზადებულ ახალ კვლევაზე იმსჯელეს დღეს ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით გამართულ პირველ საკოორდინაციო შეხვედრაზე, რომელშიც აღმასრულებელი, საკანონმდებლო ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ახალი კვლევა იმ სპეციალურ პროგრამას ეხება, რომლის საშუალებითაც ორგანიზაციამ ონლაინ მოიძია წარმატებული ქართველები და მოახდინა მათი კლასიფიკაცია საქმიანობის სფეროების მიხედვით.

საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის, ქეთევან მახარაშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა ქართული დიასპორის საკითხები საკუთარი საქმიანობის პრიორიტეტად გამოაცხადა. ის დაინტერესებულია, დიასპორის წარმომადგენლებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს დამატებითი რესურსები.

„სამუშაო შეხვედრებს შემოუერთდებიან სხვადასხვა სახელმწიფო უწყებები, რათა მაქსიმალურად განვითარდეს ქართულ დიასპორასთან დაკავშირებული ის პროდუქტები, რომლებიც უკვე არსებობს და ბევრად უფრო გაუადვილდეთ მათ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა“, – განაცხადა ქეთევან მახარაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია დადებითად აფასებს პრეზიდენტ ზურაბიშვილის ინიციატივას ქვეყნის განვითარების საქმეში ქართული დიასპორის ჩართულობასა და მობილიზაციაზე მომუშავე სხვადასხვა ორგანიზაციების შეკრებასთან დაკავშირებით.

„მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია​მ ქართული დიასპორის განვითარებისა და მობილიზებისთვის ერთდროულად დანერგა სხვადასხვა ინიციატივა. ვიმედოვნებთ, ეს დიდ გავლენას მოახდენს დიასპორის მობილიზებაზე და ასევე ხელს შეუწყობს დიასპორის მონაწილეობას საქართველოს განვითარებაში“, – განაცხადა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა სანია ჩელებიჩ ლუკოვაციმ.