სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას 50-ზე მეტი ქვეყნის 150-მდე წარმომადგენელი დაესწრება
საქართველოს მე-5 პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოს 55-მდე ქვეყნის 150-მდე წარმომადგენელი,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, საქართველოს ეწვევიან მაღალი რანგის სტუმრები 20-ზე მეტი ქვეყნიდან. ასევე ინაუგურაციას დაესწრება 16 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი.
მისივე თქმით, ეს არ არის საბოლოო მონაცემები, რადგან ინფორმაციის გაცვლა მეგობარ სახელმწიფოებთან ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
„დღევანდელი მონაცემებით, ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრება: სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი არმენ სარქსიანი, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი (2007-2012 წწ) ნიკოლა სარკოზი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, სენატის წევრი, ასევე თურქეთის რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი, აზერბაიჯანის პარლამენტის სპიკერი, სერბეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერი, ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის პრეზიდენტი, ლიეტუვის სეიმის სპიკერი, პოლონეთის სენატის მარშალი და პრეზიდენტის კანცელარიის ხელმძღვანელი, მინისტრი, მოლდოვის ვიცე პრემიერ-მინისტრი, თურქმენეთის ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი, არაბთა გაერთიანებული საამიროების კლიმატის ცვლილებისა და გარემოს მინისტრი, ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ისრაელის ქნესეტის (პარლამენტი) ვიცე-სპიკერი და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, სუამ-ის გენერალური მდივანი, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, აშშ-დან USAID-ის წარმომადგენელი, წმინდა საყდრის საგანგებო ემისარი, არქიეპისკოპოსი“, – განაცხადა თოთლაძემ.
მინისტრის მოადგილის თქმით, ინაუგურაციის ღონისძიების ფარგლებში საქართველში ჩამოსული მაღალი რანგის სტუმრები გამართავენ სამუშაო შეხვედრებს საქართველოს პრეზიდენტთან, აღმასრულებელი და საკანონდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
„საქართველო მადლობას უხდის ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებს საქართველოში სტუმრობისთვის, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციაზე მაღალი წარმომადგენლობა მიუთითებს საქართველოს მნიშვნელოვან როლზე საერთაშორისო თანამეგობრობაში და გამოხატავს ორმხრივ მზაობას მომავალშიც აქტიურად ვითანამშრომლოთ ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის“, – განაცხადა ხათუნა თოთლაძემ.
საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს თელავში გაიმართება.