სალომე ზურაბიშვილი - ზოგჯერ თუ გვაკრიტიკებენ, ეს სწორედ იმიტომ ხდება, რომ საქართველო ერთ-ერთ მოწინავე პარტნიორადაა მიჩნეული, რომლისგან მოლოდინიც მეტია
უმადურობასა და თვითგვემაში ჩაკარგულები ვერ ვაფასებთ, თუ რამდენ წარმატებას მიაღწია საქართველომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში, ქვეყნის მდგომარეობის მნიშვნელოვან საკითხებზე ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წელიც არ გასულა და საქართველო უკვე დგას ევროპის კართან, როგორც მოწინავე ასოცირებული წევრი ქვეყანა.
„პირველ რიგში, ჩვენ გვჭირდება საკუთარი თავის დანახვა და შესაძლებლობების რეალურად შეფასება. უმადურობასა და თვითგვემაში ჩაკარგულები ვერ ვაფასებთ, თუ რამდენ წარმატებას მიაღწია საქართველომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში. დამოუკიდებლობის აღდგენიდან არ გასულა 30 წელი და უკვე ვდგავართ ევროპის კართან, როგორც მოწინავე ასოცირებული წევრი. როცა რეფერენდუმის შედეგებსა და სამფეროვანი დროშის აღმართვას ვზეიმობდით, ნამდვილად ვერ ვიფიქრებდით, რომ, ისტორიისთვის ამ მოკლე პერიოდში, საქართველო ევროკავშირთან თავისუფალ მიმოსვლასა და თავისუფალ ვაჭრობას მიაღწევდა და გახდებოდა ნატოსათვის ერთ-ერთი ყველაზე სანდო და დაფასებული პარტნიორი. ვერ წარმოვიდგენდით, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარდებოდა ისეთი მასშტაბის ნატოს წვრთნები, როგორიც უკვე ყოველწლიურად იმართება, და ისეთი მნიშვნელობისა, როგორიც წელს იგეგმება. ვერ წარმოვიდგენდით, რომ საქართველო მონაწილეობას მიიღებდა არა მხოლოდ საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში, არამედ ამ მისიებში სამხედრო პროფესიონალიზმითა და პასუხისმგებლობის მაღალი დონით გამორჩეული გახდებოდა“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის განმარტებით, საქართველოსთვის გამოცხადებული დიდი ნდობის დასტურია ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მიერ მიღებული საქართველოს მხარდამჭერი აქტი.
„30 წლის წინ ვერ წარმოვიდგენდით, რომ საქართველო გახდებოდა ღირსეული წევრი ყველა საერთაშორისო ორგანიზაციისა, რომელიც დღეს რეგიონულ თუ გლობალურ გამოწვევებს უმკლავდება. ზოგჯერ თუ გვაკრიტიკებენ, ეს სწორედ იმიტომ ხდება, რომ საქართველო ერთ-ერთ მოწინავე პარტნიორადაა მიჩნეული, რომლისგანაც, ბუნებრივია, მოლოდინიც მეტია“ ,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ამასთან, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ როგორც ბევრ ქვეყანაში, საქართველოშიც ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები.
„ამ ყველაფერთან ერთად, გავიარეთ ყველა საფეხური დემოკრატიის მშენებლობისა. გამოვირჩევით შეუზღუდავი სიტყვის თავისუფლებით, პოლიტიკური და ადამიანის უფლებათა დაცვით, თუმცა, როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, გამოწვევები ჯერ კიდევ არსებობს. დემოკრატიის ერთ-ერთი დამახასიათებელი სწორედ ისაა, რომ რეფორმების ბოლო ტალღა ყველაზე რთულია და რომ არც ერთი მიღწევა საბოლოოდ არაა გარანტირებული. ამიტომ სჭირდება დემოკრატიას გაფრთხილებაც და ერთიანობაც. დღეს მისი მთავარი მტერი, როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში, პოლარიზაციაა, პოლარიზაცია, რომელიც კრიტიკას უხეში დაპირისპირებით ანაცვლებს. ამის გამო დღეს აქ ოპოზიციის ცალკეული რიგები ცარიელია, ნაცვლად იმისა, რომ ახლახან შემოღებული საპარლამენტო სისტემის უპირატესობა გამოვიყენოთ და ეს ადგილი მნიშვნელოვანი დებატების ადგილად ვაქციოთ“ ,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.