სალომე ზურაბიშვილი - ყველას გილოცავთ დიპლომატიის დღეს, ვულოცავ უცხოეთში მყოფ ჩვენს დიპლომატებს, რომელთა წვლილი საქართველოს ინტერესების დაცვაში ძალიან მნიშვნელოვანია, მით უფრო, დღევანდელ დღეს
სალომე ზურაბიშვილი - ყველას გილოცავთ დიპლომატიის დღეს, ვულოცავ უცხოეთში მყოფ ჩვენს დიპლომატებს, რომელთა წვლილი საქართველოს ინტერესების დაცვაში ძალიან მნიშვნელოვანია, მით უფრო, დღევანდელ დღეს

ორბელიანების სასახლეში დიპლომატიის დღესთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა, რომელსაც საქართველოს პირველი ელჩები, სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სტუდენტები ესწრებოდნენ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სასახლეში ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტაციის გამოფენა, „ქართული დიპლომატიის მეხსიერება“ გაიმართა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გახსნა.

მათივე ცნობით, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სულხან-საბა ორბელიანის „მოგზაურობა ევროპაში“ ხელნაწერი დოკუმენტი, საქართველოს შესახებ ვატიკანის არქივიდან სხვადასხვა დოკუმენტი და ბიბლიოგრაფიული ხასიათის შენიშვნები; რომის პაპების მიმოწერა საქართველოს, სპარსეთისა და ევროპის ქვეყნების მეფეებთან; ივანე ნანუაშვილის არქივი: მიმოწერა პრეზიდენტებთან და იმ პერიოდისათვის სხვადასხვა თანამდებობაზე მყოფ ამერიკელ პოლიტიკოსებთან: რონალდ რეიგანთან, ჰარი ტრუმანთან, რიჩარდ ნიქსონთან, ჯონ კენედისთან, კონგრესმენებთან და სენატორებთან.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, სტუდენტებმა ასევე დაათვალიერეს საქართველოს თანამედროვე ისტორიის უმნიშვნელოვანესი დიპლომატიური დოკუმენტაცია, როგირიცაა საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტია, საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმება, საქართველოს ტერიტორიაზე არესბული რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის შესახებ 2005 წლის შეთანხმება, გაერო-ში საქართველოს წევრად მიღების რეზოლუცია.

ღონისძიებაზე დამსწრეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

„ყველას გილოცავთ დიპლომატიის დღეს, რადგან ეს არა მხოლოდ პროფესიონალი დიპლომატების, არამედ ყველას დღეა. დიპლომატის დღე ბევრად უფრო ვრცელია და ყველას ეხება. მინდა, ვისარგებლო დღევანდელი დღით და ეს დღე მივულოცო უცხოეთში მყოფ ჩვენს დიპლომატებს, რომელთა წვლილი საქართველოს ინტერესების დაცვაში ძალიან მნიშვნელოვანია, მით უფრო, დღევანდელ დღეს.

არ მინდა, ამ დღის აღნიშვნა ისე დავიწყოთ, რომ არ გავიხსენო ორი ადამიანი: დიპლომატიის დღის დაარსების იდეის ავტორი, იმ დროისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი, გოგა გომიაშვილი და გურამ შარაძის შვილი, გიორგი შარაძე, რომელიც ამ დღის შექმნაში მონაწილეობდა და ღონისძიება ჩვენი პირველი რესპუბლიკის დიპლომატების პორტრეტების არაჩვეულებრივი გამოფენით გააფორმა.

საქართველოს დიპლომატიის ისტორია პრაქტიკულად საქართველოს ისტორიაა. ეს დღე ნამდვილად ეკუთვნის ყველას, ვინც საქართველოს ინტერესების დასაცავად წვლილი შეიტანა დიპლომატიის ისტორიაში. ეს ეხება ქართველ მეფეებსა და მეფის ემისრებს, თავადებსა თუ რელიგიურ პირებს. მათ დიპლომატიითა და შორსმჭვრეტელობით, ხშირ შემთხვევაში, გადაარჩინეს საქართველო მეზობელი იმპერიების შემოსევების ჟამს და შექმნეს საქართველო. ეს იყო როგორც გარედიპლომატია, ისე შიდადიპლომატია.

შიდადიპლომატიის კუთხით შეგვიძლია, გავიხსენოთ კრავაი ჯაყელი, გარედიპლომატიის კუთხით, ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი, რომ არაფერი ვთქვათ სულხან-საბაზე. ეს დღე ასევე ეკუთვნის პირველი რესპუბლიკის სწორედ პირველ დიპლომატებს. ესენი არ იყვნენ, ასე ვთქვათ, პროფესიონალი დიპლომატები, მაგრამ იყვნენ უფრო მეტნი, ვიდრე პროფესიონალი დიპლომატები, იყვნენ პროფესიონალი პატრიოტები, განათლებული ადამიანები და მათ ჰქონდათ ის, რაც ყველაზე დიდი ძალაა დიპლომატიაში – როცა იცი, რა გინდა შენი ქვეყნისთვის. ამ ადამიანებმა შესანიშნავად იცოდნენ, რა უნდოდათ საქართველოსთვის, რას იცავდნენ, რა იყო მათი მომავლის ხედვა. მათ წილად ერგოთ საქართველოს დამოუკიდებლობის და მისი საზღვრების დაცვა ორმხრივ და საერთაშორისო კონფერენციებზე, თუმცა, ჩვენ ყველამ ვიცით, როგორ დასრულდა 21 წელს ეს პირველი ეტაპი.

ასევე, ეს დღე ეკუთვნის 91 წელს ახლად შექმნილ, აღდგენილ ჩვენს დიპლომატიას და ეს უკვე პროფესიონალური კორპუსია, რომლებიც ძალიან რთულ პირობებში და ძალიან მწირი რესურსებით იყვნენ, პრაქტიკულად არანაირი შესაძლებლობით არც შიგნით და არც გარეთ, მაგრამ მათაც ძალიან კარგად იცოდნენ, რისთვის მოდიოდნენ და მათი ღვაწლი, მათი მეხსიერება შემდგომში მთელ დიპლომატიას გამოჰყვა. შემიძლია, პირადად ვთქვა, რომ იმ დროისთვის მთავარი მოლაპარაკებები, რაც ჩავატარე რუსეთთან სამხედრო ბაზების გასაყვანად, არ იქნებოდა, თუ არა ის მეხსიერება, გამოცდილება, რაც იყო იმ ჯგუფის, რომელიც ამ საკითხებზე პირველი დღიდან მუშაობდა. მათ შეძლეს მთავარი – ჩვენი სხვადასხვა პარტნიორისგან დამოუკიდებლობის აღიარების მიღწევა, საქართველოს ცნობადობის გაზრდა, რომელიც საკმაოდ დაბალი იყო; გარესაფრთხეებისა და ომების პირობებში, ჩვენი უსაფრთხოების დაცვა და იმ დროისთვის სასიცოცხლო დახმარების მოპოვება. ამდენად, პირველი თაობის დამსახურება უდიდესია.

ეს დღე არანაკლებად ეკუთვნის იმ თაობას, რომელიც შემდეგ მოვიდა. ზოგი კიდევ იყო იმ ძველი დროიდან, რომელმაც საქართველო დააყენა ხელახლა სულხან-საბა ორბელიანის ევროპულ გზაზე და მიგვიყვანა ახლო მეზობლობიდან აღმოსავლეთ პარტნიორობამდე, ვიზალიბერალიზაციიდან და ასოცირების გზით დღევანდელ, უკვე ყველასგან აღიარებულ ევროპულ პერსპექტივამდე და ხვალინდელ კანდიდატურამდე. ვისაც ამ ევროპული გზის საწყისი ეტაპები ახსოვს, კარგად ესმის, რა შრომის, თავდადებული, მიზანმიმართული ღვაწლის შედეგია დღევანდელი მიღწევა და ხვალინდელი კიდევ უფრო სერიოზული მიღწევა. ეს სწორედ დიპლომატების ფასდაუდებელი შრომის შედეგია. ამიტომ სრულიად გამართლებულია ამ დღისადმი სულხან-საბას პატრონაჟი, რამეთუ თუ თვითონ ვერ დაბრუნდა წარმატებული თავისი ევროპული მისიიდან, მან მაინც დაგვიტოვა სწორი გეზი და მიმართულება, ერთგვარი სამოქმედო გეგმა, რომლის განხორციელება დამოუკიდებლობის მამებს, დამოუკიდებელი სახელმწიფოს მეთაურებს, სახელმწიფო მოღვაწეებსა და დიპლომატებს ხვდათ წილად. დღეს იქ ვართ, სადაც ვართ, სწორედ იმიტომ, რომ ჯერ იყო სულხან-საბა და შემდეგ იყვნენ ჩვენი გულანთებული პატრიოტები, დიპლომატები და მათ ესმოდათ, რომ იმ გზას, რომელიც ავირჩიეთ, რაც უნდა რთული იყოს, ალტერნატივა არ აქვს და არ ჰქონდა მაშინაც.

ძალიან უცნაურია, როცა დღეს ზოგიერთი პატრიოტიზმზე აპელირებით თუ ტრადიციების გადარჩენის ლოზუნგებით ევროპას და ევროპულ გზას ეწინააღმდეგება. იმ ევროპას, რომელიც ყველა დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის, მებრძოლისთვის, ჩვენი წინაპრებისთვის უალტერნატივო მიზანს წარმოადგენდა. ეს ბრძოლა არ მთავრდება, გამოწვევები რთულდება და იზრდება მოთხოვნები. მეტი პროფესიონალიზმია საჭირო, რამეთუ ქვეყნის ინტერესების დაცვა დღეს ბევრად მეტი მიმართულებით მიმდინარეობს. დიპლომატია ცხადია, პოლიტიკა, კულტურა, ეკონომიკა, მაგრამ ასევე ტექნოლოგია, მეცნიერება, გარემო დაცვა, ენერგეტიკა, კიბერუსაფრთხოება და კიდევ ბევრი სხვა რამის საჭიროება არსებობს ამ ყველა მიმართულებით ჩვენს დიპლომატიურ სამსახურში.

ეს დღე ეკუთვნის ასევე საზოგადობას, ყველას, რამეთუ მსოფლიო რუკაზე საქართველოს დამკვიდრება და საკუთარი სახის, იდენტობის პოპულარიზაცია მოითხოვს ყველას ჩართულობას. საქართველოს დღეს იცნობენ ჩვენი დიპლომატების მეშვეობით, ჩვენი სტუდენტების, ჩვენი დიასპორის მეშვეობით, მაგრამ ასევე იცნობენ იმდენად, რამდენადაც იცნობენ სუხიშვილებს, ხატია ბუნიათიშვილს, ნინო ხარატიშვილს, დემნა გვასალიას, ხვიჩა კვარაცხელიას, ლაშა ტალახაძეს თუ ოთარ იოსელიანს და კიდევ ბევრ სხვას. ცხადია, ალბათ ბევრი სახელი გამომრჩა და გამომრჩებოდა, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ ეს მთლიანად საზოგადოების საქმეა. პატარა ქვეყნისთვის, რომელსაც უაღრესად სჭირდება დიპლომატია და პროფესიონალური დიპლომატია, მას ასევე სჭირდება ყოველივე მისი მოქალაქის, მისი თანამემამულის ჩართულობა ამ დიდ საქმეში, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვა ყველგან, შიგნით, გარეთ და მუდამ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.