სალომე ზურაბიშვილი - ყველამ ერთად ვიმოგზაუროთ ჩვენს ქვეყანაში, აღმოვაჩინოთ სხვანაირი საქართველო, მაგრამ აუცილებელია, ფრთხილად ვიყოთ
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შიდა ტურიზმის გახნასთან დაკავშირებით, მოქალაქეებს ლამისყანიდან მოუწოდა, იმოგზაურონ საქართველოში და დაათვალიერონ ბევრი ღირშესანიშნაობა.
სალომე ზურაბიშვილმა დღეს ჯამბაკურ-ორბელიანების სასახლე მოინახულა.
მან მოქალაქეებს მიმართა, იმოგზაურონ საქართველოში, აღმოაჩინონ ბევრი საინტერესო ადგილი, თუმცა აიუცილებლად გამოიჩინონ სიფრთხილე.
„დღეს არის 15 ივნისი და დღეიდან იხსნება შიდა ტურიზმი. მე მინდა, ერთად დავიწყოთ მოგზაურობა საქართველოში, აღმოვაჩინოთ სხვანაირი საქართველო, ისეთი ადგილები, რომლებიც შეიძლება ნაკლებად ცნობილია და ჩვენ ყველამ ერთად გავიგოთ, რომ აქ არის ძალინ ბევრი ღირშესანიშნაობა, რომელიც მართლაც ღირს აღმოჩენად.
დღეს ვართ ლამისყანაში, თბილისთან ახლოს, ერთი საათიც არ უნდა. თუ შორს არ გინდათ წასვლა, ლამისყანაში არის ეს ციხესიმაგრე, რომელიც იყო ქსნის ერისთავების ციხე, შემდეგ ჯამბაკურ ორბელიანების. აქედან გაიტაცეს დავით გურამიშვილი, ამ სოფელში, თუ არ ვცდები, დაახლოებით ორმოცადაათი ძეგლი არის – ძველი მარანი და ბევრი საინტერესო რამ არის მართლაც აღმოსაჩენი.
ჩვენ აქედან წავალთ კიდევ და გაჩვენებთ ბევრ სხვა ადგილს დღეს, შეგიძლიათ გვესტუმროთ „ფეისბუქ“ გვერდზე, ჩვენ ყველამ ერთად ვიმოგზაუროთ საქართველოში, აღმოვაჩინოთ საქართველო, მაგრამ ერთი რამ არის აუცილებელი, მაინც დავიცვათ სიფრთხილე, ყველა ერთად ვიყოთ ფრთხილად და ვიმოგზაუროთ ფრთხილად“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოში შიდა ტურიზმი დღეიდან იხსნება.