სალომე ზურაბიშვილი - ყველა თანასწორია და მე ამ თანასწორობის პრეზიდენტი ვიქნები
მე ვიქნები საქართველოს ყველა მოქალაქის პრეზიდენტი, ვიქნები თქვენი ელჩი, რომ ის პრობლემები, რაც გაქვთ, მივიტანო ხელისუფლებამდე, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ნინოწმინდაში, ამომრჩევლებთან შეხვედრისას განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილმა ორმაგი მოქალაქეობის საკითხზე ისაუბრა და მოსახლეობას ახალი კონსტიტუციის პირობები გააცნო. როგორც პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა აღნიშნა, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენისთვის საჭიროა, მოქალაქემ ქართული ენა და საქართველოს ისტორია იცოდეს.
„საქართველოს ყველა მოქალაქის პრეზიდენტი ვიქნები, ყველას ერთნაირი უფლებები აქვს, ყველა არის თანასწორი და მე ამ თანასწორობის პრეზიდენტი ვიქნები. მე ვიქნები ტოლერანტი საქართველოს პრეზიდენტი. სახელმწიფომ მეტი უნდა გააკეთოს, რომ სახელმწიფო ენა თქვენამდე მოიტანონ. მე ვიქნები თქვენი დამცველი. მოქალაქეობა იყო აქამდე პრეზიდენტის მხრიდან მინიჭებული. წინა პრეზიდენტმა თურქებს მოქალაქეობა დაურიგა და თქვენ კიდევ არა. ჩვენ ამ წელს მივიღეთ ცვლილებები კანონში, რომ აღარ არის აკრძალული ორმაგი მოქალაქეობა, დღეიდან შეგიძლიათ მოქალაქეობის აღდგენაზე შეიტანოთ განცხადება, უბრალოდ, უნდა იცოდეთ ელემენტარული – ქართული და ქვეყნის ისტორია. მე შევუწყობ ხელს, რომ თქვენი რეგიონიდან ახალგაზრდები ჩაერთონ აქტიურ ცხოვრებაში. ყველაფერს გავაკეთებ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში თქვენი წარმომადგენელი მყავდეს. ვიქნები თქვენი ელჩი, იმისთვის, რომ ახლოს გაგიცნოთ და ახლოს გავიცნო თქვენი პრობლემები, როდესაც ამირჩევენ. ამ ტერიტორიაზე ტურისტული პოტენციალია, რომელიც უნდა განვითარდეს. ვიქნები ელჩი ხელისუფლებასთან, რომ მოვითხოვოთ თქვენი პრობლემების მოგვარება, რადგან მე ვარ მხარდაჭერილი პარლამენტის უმრავლესობის მხრიდან. ვიქნები თქვენ დამცველი, თუ თქვენი მხარდაჭერა მექნება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.