სალომე ზურაბიშვილი - ყველა ადამიანთან შეიძლება საუბარი, ვინც საქართველოს ტერიტორიაზე დაიბადა, ისინი საქართველოს მკვიდრნი არიან
სალომე ზურაბიშვილი - ყველა ადამიანთან შეიძლება საუბარი, ვინც საქართველოს ტერიტორიაზე დაიბადა, ისინი საქართველოს მკვიდრნი არიან

ყველა ადამიანთან შეიძლება საუბარი, ვინც საქართველოს ტერიტორიაზე დაიბადა, ისინი საქართველოს მკვიდრნი არიან, – ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი ე.წ. პრემიერ-მინისტრის, სერგეი შამბას ინტერვიუსთან დაკავშირებით განაცხადა.

ამასთან, როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ეს მისი კომპეტენცია არ არის და მსგავს სენსიტიურ საკითხებზე რამე მოსაზრებების გამოთქმისგან თავს იკავებს.

„ესაა ხელისუფლების კომპეტენცია და ამაში არ შევიჭრები. თუმცა ვიტყვი, რომ ყველა იმ ადამიანთან, ვინც საქართველოს ტერიტორიაზე არის დაბადებული, არის ჩვენი ხალხი, შეიძლება საუბარი, რადგან ისინი საქართველოს მკვიდრნი არიან“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა ე.წ. პრემიერ-მინისტრმა, სერგეი შამბამ გამოცემა „ეხო მასკვისთან“  ინტერვიუში განაცხადა, რომ ქართველები მტრად არ მიაჩნია და საქართველოში მეგობრებიც ჰყავს. „საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში შეიძლება ითქვას, ლიდერი მე ვიყავი. თუმცა, ასევე პირველმა დავიწყე საუბარი იმაზე, რომ დროა, როგორმე დიალოგი დავიწყოთ“, – განაცხადა შამბამ.