საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელ თამარ იოსელიანთან ერთად, შავი ზღვის ტერმინალი (ყულევი), ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური (PACE GROUP), კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური (APM Terminal) და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალი – ფოთის საზღვაო სასწავლო საწვრთნელი ცენტრი დაათვალიერა.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, სალომე ზურაბიშვილი ნავსადგურის საქმიანობას სპეციფიკას, გადამუშავებული ტვირთების მარშრუტებსა და ტვირთბრუნვას გაეცნო. ტერმინალების ხელმძღვანელებმა ისაუბრეს, როგორია პოსტპანდემიურ პერიოდში ტვირთების გადაზიდვის პროცესი და რა გავლენას ახდენს მასზე რეგიონში არსებული ვითარება.
როგორც „პეის ჯგუფის“ პრეზიდენტი იოსებ დოლიძე აცხადებს, პრეზიდენტი მოხარულია ქართულ-ამერიკული პროექტის მჭიდრო ვადებში განხორციელებით და მხარს უჭერს ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის სრულ ოპერირებაში შესვლას.
„მსურს, სრულიად საქართველოს კიდევ ერთხელ მივულოცო ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური ამ რთულ რეგიონულ პირობებში, როდესაც უკრაინაში ომიდან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანას მოაწყდა ძალიან დიდი რაოდენობის ტვირთი. სწორედ ჩვენს ნავსადგურში ხდება ტვირთების საგემო პარტიებად დაგროვება. პირველ გემს უახლოეს მომავალში მივიღებთ, რათა ეს ტვირთები დაიტვირთოს და გავიდეს ევროპისა და ამერიკის მიმართულებით. სამწუხაროდ, შეიქმნა პრობლემები, გამომდინარე იქიდან, რომ გემები ჯერ ვერ შემოდიან. ამის მისაღწევად დიდი ძალისხმევაა კიდევ საჭირო“, – აღნიშნა იოსებ დოლიძემ.
„ეიპიემ ტერმინალ ფოთის“ ოპერაციების დირექტორი მეთიუ რანტანენი აცხადებს, რომ იგეგმება საზღვაო ნავსადგურის გაფართოების პროექტის დაწყება, პრეზიდენტის ვიზიტი კი კიდევ უფრო გაზრდის ამ პროექტის მნიშვნელობას.
„საწყის ეტაპზე შეიქმნება 400 მეტრის სიგრძის ნავმისადგომი და ტალღების დამხშობი. მეორე ეტაპზე იქნება დამატებითი ნავმისადგომები და ინფრასტრუქტურა. საქართველოში დიდი ხანია, არის ღრმაწყლოვანი პორტის საჭიროება, რაც უფრო დიდ გემებსა და სატვირთოებს ნავსადგურზე შესვლის საშუალებას მისცემს, ხელს შეუწყობს ექსპორტ-იმპორტს, გაზრდის შესაძლებლობებსა და განავითარებს ფოთს“, – განაცხადა მეთიუ რანტანენიმ.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა, თამარ იოსელიანმა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორმა, მურთაზ დევაძემ საქართველოს პრეზიდენტს ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელ ცენტრშიც უმასპინძლეს, სადაც პრეზიდენტმა სასწავლო ინფრასტრუქტურა და თანამედროვე სიმულატორებით აღჭურვილი ლაბორატორიები დაათვალიერა.