სალომე ზურაბიშვილი ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტში 6 მარტს წარდგება
სალომე ზურაბიშვილი ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტში 6 მარტს წარდგება

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტში 6 მარტს წარდგება, – ამის შესახებ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ ეს დღე მთლიანად დაეთმობა პრეზიდენტის მოსმენას და სხვა საკითხები არ განიხილება.

„6 მარტს საქართველოს პრეზიდენტი ყოველწლიური მოხსენებით წარდგება. სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ისაუბრებს. რეგლამენტის მიხედვით, მხოლოდ ეს საკითხი უნდა იყოს დღის წესრიგში მოცემული“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ვინაიდან სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გასული წლის 16 დეკემბერს გაიმართა, მას წლიური ანგარიშის წარდგენა იმ პერიოდზეც მოუწევს, როცა ქვეყნის პრეზიდენტის თანამდებობა გიორგი მარგველაშვილს ეკავა.

რაც შეეხება ფორმატს, რეგლამენტით, საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლის დასრულების შემდეგ, სიტყვით გამოდიან იმ ფრაქციების თავმჯდომარეები, რომლებიც არ არიან გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში, ასევე უმცირესობისა და უმრავლესობის ლიდერები.

ამასთან, გამოსვლების დასრულების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია, დასკვნითი სიტყვით გამოვიდეს.