სალომე ზურაბიშვილი - ყოველი საგარეო ვიზიტის დროს ვლაპარაკობ იმ უკიდურესი მდგომარეობის შესახებ, რომელიც რუსიფიკაციის პოლიტიკამ შეუქმნა აფხაზ ხალხს, მათ კულტურასა და ენას
ჩემთვის უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა, რომ ვარ ქართველების, აფხაზების, ოსების, ქურთების, აზერბაიჯანელების, იეზიდების, ასურელების, სომხების, ქისტების, ბერძნების, რუსების, უკრაინელების, ებრაელების – საქართველოს ყველა წარმოშობის მოქალაქის პრეზიდენტი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიება სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„საქართველოს დამოუკიდებლობა, ამავე დროს, მის მრავალფეროვნებაზე დგას. ეს მრავალფეროვნება ჩვენ ძალად ვაქციეთ. მრავალი საუკუნეა, ბევრი რთული გამოწვევების მიუხედავად, ბევრი მტრის შემოსევების მიუხედავად, ვაგრძელებთ შემწყნარებლობის ტრადიციას. ჩემთვის უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა, რომ ვარ ქართველების, აფხაზების, ოსების, ქურთების, აზერბაიჯანელების, იეზიდების, ასურელების, სომხების, ქისტების, ბერძნების, რუსების, უკრაინელების, ებრაელების – საქართველოს ყველა წარმოშობის მოქალაქის პრეზიდენტი. ამ ქვეყანაში თითოეული მათგანის იდენტობა, კულტურა, ენა და ტრადიციები აღიარებული და დაცულია. თუმცა, სახელმწიფო და მისი დამოუკიდებლობა განუყოფლად არის დაკავშირებული სახელმწიფო ენასთან.
სახელმწიფო ენა ქვეყნის ძლიერების საფუძველია. ისტორიულად, ჩვენი სახელმწიფო ისაზღვრებოდა ქართული ენით. სწორედ ამას გულისხმობდა გიორგი მერჩულე ყველასთვის ცნობილ სიტყვებში „ქართლად ფრიადი ქუეყანაი აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, „ქართული ენის სწავლება ხელმისაწვდომი უნდა იყოს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და ამაში სახელმწიფოს მხარდაჭერის გაზრდა აუცილებელია“.
„აუცილებელია, რომ ქართული ენა ყველგან, საქართველოს ყველა კუთხეში ისწავლებოდეს ადრეული ასაკიდანვე – საბავშვო ბაღებში. ეს უნდა უზრუნველყოს სახელმწიფომ! სახელმწიფო ენის ცოდნა სჭირდება თითოეულ მოქალაქეს თავისი შესაძლებლობების რეალიზებისა და საზოგადოების სრულფასოვანი წევრობისთვის.
საქართველოს მეორე სახელმწიფო ენა – აფხაზური ენა დღეს ყველაზე დიდი საფრთხის ქვეშაა. საქართველოს სახელმწიფო, საქართველოს კონსტიტუცია იცავს დღეს გაქრობის წინაშე მდგარ ენას.
მაშასადამე, მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ვგრძნობ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას. ჩემი ყოველი საგარეო ვიზიტის დროს ყოველთვის ვლაპარაკობ იმ უკიდურესი მდგომარეობის შესახებ, რომელიც რუსიფიკაციის პოლიტიკამ შეუქმნა აფხაზ ხალხს, მათ კულტურასა და ენას“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.