სალომე ზურაბიშვილი წინადადებით გამოდის, რომ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან“ დაკავშირებით საგარეო უწყებამ ანგარიში წარადგინოს
პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე სალომე ზურაბიშვილი წინადადებით გამოდის, რომ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან“ დაკავშირებით საგარეო უწყებამ სამ თვეში საკანონმდებლო ორგანოში ანგარიში წარადგინოს.
როგორც ჟურნალისტებს ზურაბიშვილმა განუცხადა, რეზოლუციის პროექტი პარტიების, მათ შორის უმრავლესობა-უმცირესობის მხრიდან მხარდაჭრილია.
„მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტი ერთობლივი იყოს. „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაც“ მნიშვნელოვანია, თუ ეს ჰაერში არ დარჩება. ამისთვის, საერთაშორისო ორგანიზაციებთან სერიოზული მუშაობაა საჭირო. ქვეყნებთან მუშაობა უნდა წარიმართოს, რათა სანქციები იმათმა მიიღონ, რადგან ჩვენგან მიღებული სანქციები არაფერს ნიშნავს. ეს მიდგომა სხვებისგან გაზიარებული უნდა იყოს და ამას სერიოზული მუშაობა სჭირდება. საგარეო უწყებაზე მონიტორინგი უნდა განხორციელდეს, რათა სამ თვეში მოვიდეს და კომიტეტს ანგარიში ჩააბაროს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.