სალომე ზურაბიშვილი - ვლადიმერ პუტინს შეუძლია ქვეყნების დაშინება, თუმცა ვერ შეცვლის ერის გაბედულებასა და გადაწყვეტილებას, შეინარჩუნონ დამოუკიდებლობა
ვლადიმერ პუტინს შეუძლია ქვეყნების დაშინება, თუმცა ვერ შეაცვლევინებს ორიენტაციას, ვერ შეცვლის ერის გაბედულებას და გადაწყვეტილებას, შეინარჩუნონ დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „სიენენის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.
ჟურნალისტმა საქართველოს პრეზიდენტს ჰკითხა – „თუ რუსეთი მიაღწევს საწადელს უკრაინაში, როგორ ფიქრობთ, ის სხვა ყოფილ საბჭოთა კავშირის წევრ ქვეყნებსაც დაადგამს თვალს?“.
სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა:
„რუსეთის ყურადღება ერთხელ უკვე იყო მიპყრობილი საქართველოსკენ, ისტორიულად ასეთი რამ ძალიან ხშირად მომხდარა. ამიტომ ჩვენ ყოველთვის ყურადღებიანები ვართ და შეშფოთებულები, რადგან გვაქვს საოკუპაციო ზოლი, საქართველოს 20% ოკუპირებულია. ამ ორ რეგიონში რუსეთს ორი დიდი სამხედრო ბაზა აქვს, საიდანაც შეუძლიათ ნებისმიერ მომენტში დაიძრნენ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საქართველო შეცვლის ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსს.
დღეს ჩვენ შევიტანეთ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე, ისევე, როგორც მოლდოვამ და მანამდე უკრაინამ. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმომწერი ქვეყნების ტრიო ერთსა და იმავე გზას მიჰყვებიან. ასე რომ, პუტინს შეუძლია ქვეყნების დაშინება, თუმცა ვერ შეაცვლევინებს ორიენტაციას, ვერ შეცვლის ერის გაბედულებასა და გადაწყვეტილებას, შეინარჩუნონ დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. ეს ნიშნავს უფლებას, რომ ქვეყნები მოკავშირეებს და სასურველ სამხედრო ალიანსებს შეუერთდნენ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ვლადიმერ პუტინი მთელი მსოფლიოსგან იზოლირებულია.
„ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ ის იზოლირებულია. არავის შეუძლია ზემოქმედება მოახდინოს მის შეხედულებებზე ან აზრი შეაცვლევინოს. ახლა ის მთელი მსოფლიოსგან იზოლირებულია. ცხადია, ზოგიერთი ქვეყანა არ ეწინაღმდეგება, თუმცა მათაც კი რუსეთის კურსი არ მოსწონთ. ანუ, ის მარტოა. როგორ აისახება ეს ყველაფერი პუტინის ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე, რთული საკითხია. ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან. არ ვხვდები პუტინს და არ ვიცი, როგორ მოქმედებს ეს მის ფსიქიკაზე, მაგრამ ის ნამდვილად იზოლირებულია მთელი მსოფლიოსგან“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.