სალომე ზურაბიშვილი - ვლადიმერ პუტინი უკრაინისგან ამხელა წინააღმდეგობას არ ელოდა, უკრაინელი ხალხის, მმართველების გაბედულება და წინააღმდეგობა შთამბეჭდავია
სალომე ზურაბიშვილი - ვლადიმერ პუტინი უკრაინისგან ამხელა წინააღმდეგობას არ ელოდა, უკრაინელი ხალხის, მმართველების გაბედულება და წინააღმდეგობა შთამბეჭდავია

ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ უკრაინაში ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, თუმცა ამაში დარწმუნებული არ ვარ, უკრაინელი ხალხის, მმართველების გაბედულება და წინააღმდეგობა არის შთამბეჭდავი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „სეიენენის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

„როგორც ჩანს, რუსეთის მიზანი მხოლოდ რამდენიმე რეგიონის ანექსია აღარაა. ახლა როგორც ჩანს, ის მთელ ქვეყანას ანგრევს. ეს მასობრივი განადგურების ომია. ახლა ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, თუმცა ამაში დარწმუნებული არ ვარ. პუტინი ელოდა, რომ იმ გეგმის მიღწევა, რაც მას ჰქონდა, გაცილებით იოლი იქნებოდა. ის ფიქრობდა, რომ ამ მთავრობისგან სასურველს მალე მიიღებდა. ის არ ელოდა უკრაინისგან ამხელა წინააღმდეგობას.

ეს იყო მასობრივი თავდასხმა და იყო ფსიქოლოგიური ზეწოლა, როდესაც რუსეთის ჯარი სამი მხრიდან იყო მობილიზებული უკრაინის საზღვრებთან, თუმცა ამან არ იმუშავა. ცხადია, სამხედრო კუთხით რუსეთ აქვს უპირატესობა და ადრე თუ გვიან ეს გამოჩნდება. მაგრამ უკრაინელი ხალხის, მმართველების გაბედულება და წინააღმდეგობა არის შთამბეჭდავი“,- აღნიშნა ზურაბიშვილმა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რუსეთის პრეზიდენტის სტრატეგიამ არ იმუშავა.

„ვფიქრობ, პუტინის სტრატეგიამ არ იმუშავა. მისი ახალი გეგმა, როგორც ჩანს, მთელი უკრაინის წაღებას ითვალისწინებს. მათ შორის ქალაქების დაკავებას ნებისმიერ ფასად, მათ შორის მოქალაქეების სიცოცხლის ფასად. თუმცა ერთი რამ ცხადია, პუტინის შეხედულება, რომ რუსეთი და უკრაინა ერთი ქვეყანა და ერთი ხალხია, არასდროს იქნება სიმართლე. ეს არასდროს იქნება ერთი ხალხი, მას შემდეგ, რაც მოხდა მასობრივი განადგურება. მათ შორის იმ რეგიონებში, რომელსაც პუტინი მიიჩნევდა რუსეთის მოძმედ. ის, თუ როგორ ექცევა პუტინი ამ რეგიონებს, ქალაქებს, მოქალაქეებს და ბავშვებსაც კი, აჩვენებს, რომ მან თავად შექმნა რუსეთის ახალი მტრები“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა „სიენენის“ პირდაპირ ეთერში.