სალომე ზურაბიშვილი - მე ვითხოვ არა მხოლოდ მოსახლეობის, არამედ ბიზნესის მხარდაჭერას
სალომე ზურაბიშვილი - მე ვითხოვ არა მხოლოდ მოსახლეობის, არამედ ბიზნესის მხარდაჭერას

მე ვითხოვ არა მხოლოდ მოსახლეობის, არამედ ბიზნესის მხარდაჭერას, – ამის შესახებ საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, საპრეზიდენტო კამპანიაში ჩაერთოს მოსახლეობა. „აუცილებელია, ასეთ კამპანიაში ჩაერთოს მოსახლეობა. ვიცი მოსახლეობის პრობლემები და სიდუხჭირე, მაგრამ ეს ჩართულობა, თავიანთი მცირე სახსრებით, არის იმის ნიშანი, რომ მხარს გიჭერენ და შენ გვერდით იქნებიან. ამიტომ დღეს ამ განცხადებას ვაკეთებ, რომ მე ვითხოვ მხარდაჭერას არა მხოლოდ მოსახლეობის, ასევე ბიზნესის”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოში ისეთ თავისუფალი ვითარებაა, რომ დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის დახმარების არავის შეეშინდება.

„მე მგონი, დღეს საქართველოში არის თავისუფალი ვითარება, არავის არ უნდა ეშინოდეს, რომ დაეხმაროს დამოუკიდებელ კანდიდატს, ამიტომ დიდი იმედი მაქვს, რომ იქნება ის საკმარისი მხარდაჭერა, რაც საჭიროა ორთვიანი საარჩევნო კამპანიისთვის”, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ამასთან, კითხვაზე, იქნება თუ არა „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ვერ გასცემს პასუხს იმათ მაგივრად, ვისაც გადაწყვეტილება აქვს მისაღები.

„მე მივიღე დღეს ჩემი გადაწყვეტილება, ვაყენებ კანდიდატურას, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი, როგორც ვიყავი ადრე, მე თუ ვინმე მხარს დამიჭერს, ვიქნები მხოლოდ მადლიერი, მაგრამ მე ვერ გაგცემთ პასუხს სხვის მაგივრად, რა უნდა გააკეთონ და რა არ უნდა გააკეთონ”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.