სალომე ზურაბიშვილი - მე ვიქნები პრეზიდენტი, რომელიც ჩავა რეგიონებში და მოისმენს მოსახლეობის პრობლემებს
მე ვიქნები პრეზიდენტი, რომელიც ჩავა რეგიონებში და მოისმენს მოსახლეობის პრობლემებს, რომელიც ერთად უნდა გადავწყვიტოთ, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ყვარელში ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, კახეთი არის რეგიონი, სადაც ძალიან ხშირად ჩადის.
„კახეთში ბოლოს 10 დღის წინ ვიყავი რთველზე. მე ტყუილ დაპირებებს არ ვიძლევი, ეს არ არის ჩემი სტილი. მე ყველა რეგიონში ერთ რამეს ვპირდები, რომ ჩემი პრეზიდენტობის დღიდან, მე ვიქნები პრეზიდენტი, რომელიც ჩავა რეგიონებში და მოისმენს პრობლემებს, რომელიც ერთად უნდა გადავწყვიტოთ. ამ მოსაზრებებს მივიტან პარლამენტსა და მთავრობაში, რომელიც დაგვეხმარება, რომ უფრო სწრაფი სვლით ვიაროთ წინ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი დღეს კახეთის რეგიონში იმყოფებოდა. სალომე ზურაბიშვილი საგარეჯოს, გურჯაანისა და ყვარლის მოსახლეობას შეხვდა.