სალომე ზურაბიშვილი - ვინმე თუ იყო ჩასული და ევროპელებს შეხვდა მაღალ დონეზე, მე ვარ, ვინმე თუ იყო ჩასული აშშ-ში და შეხვდა მაღალ დონეზე, მე ვარ და არსად გამიგია მოთხოვნა, ჩაერთეთ ომში
სალომე ზურაბიშვილი - ვინმე თუ იყო ჩასული და ევროპელებს შეხვდა მაღალ დონეზე, მე ვარ, ვინმე თუ იყო ჩასული აშშ-ში და შეხვდა მაღალ დონეზე, მე ვარ და არსად გამიგია მოთხოვნა, ჩაერთეთ ომში

თუ ვინმე იყო ჩასული და ევროპელებს შეხვდა მაღალ დონეზე, მე ვარ, თუ ვინმე იყო ჩასული აშშ-ში და შეხვდა მაღალ დონეზე, მე ვარ და არსად გამიგია არც ერთი მოთხოვნა – ჩაერთეთ ომში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, ომის თემა არის სრულიად მოგონილი და ძალიან საინტერესოა, რომ ემთხვევა რუსეთის რიტორიკას.

„მე არ ვიცი, სად დადიან ევროპაში და ვის ხვდებიან. მმართველი გუნდისგან აქტიური სამუშაო არ მინახავს ევროპარლამენტთან და არც ცალ-ცალკე. სხვადასხვა დედაქალაქში არ მსმენია ომში ჩართვის შესახებ. ასე რომ, არ ვიცი, საიდან გაიგეს ეს. თუ ვინმე იყო ჩასული და ევროპელებს შეხვდა მაღალ დონეზე, მე ვარ, თუ ვინმე იყო ჩასული აშშ-ში და შეხვდა მაღალ დონეზე, მაქსიმალურად, რაც შესაძლებელი გახდა, მე ვარ და არსად გამიგია არც ერთი მოთხოვნა – ჩაერთეთ ომში. ეს არის სრულიად მოგონილი და სხვათა შორის, ძალიან საინტერესოა, რომ ემთხვევა რუსეთის რიტორიკას. ეს სხვაგან არ გამიგია, აშშ-ში და ევროპაში“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, იზიარებს თუ არა ოპოზიციის ხედვას, რომ ხელისუფლება საერთაშორისო ზიანის მიმყენებელ განცხადებებს „ქართული ოცნებიდან“ ცოტა ხნის წინ გასული სამი დეპუტატის სახელით ახმოვანებს, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ეს სამი დეპუტატი არსად გასულა.

„ამაში ორი აზრი არ არის. თვითონაც ამბობენ, ჩვენ ვრჩებით, მაგრამ ეს არის ფორმა, რითაც ჩვენ უფრო თავისუფლად ვსაუბრობთო. საინტერესოა, რომ მესიჯბოქსი არის ზუსტად იგივე. რაღაც, არ გვანან დამოუკიდებელ ადამიანებს. მესიჯბოქსი, გინდაც მუნიციპალიტეტებიდან გასული და გინდაც პარლამენტიდან, ზუსტად ერთი და იგივეა – ჩვენ გვჭირდება მეტი თავისუფლება და ამით თავს იმართლებენ, რომ თვითონაც საკმაოდ უზრდელად ლაპარაკობენ. არ ვიცი, ვისი დავალებით ლაპარაკობენ, მაგრამ ისინი „ქართული ოცნებიდან“ გასული რომ არ არიან, ცხადია. თუ არა, მაშინ საჭირო იქნებოდა, მთავრობიდან, ან პარტიიდან ყოფილიყო მათი დაგმობა. მე რაც მახსოვს, ვინც გავიდა და „ქართული ოცნებიდან“ ერთი ნაბიჯი გადადგა, ყველა მოღალატედ მოინათლა და ახლა რა ხდება? ღირსეული ადამიანები არიანო, დადებითი შეფასებებია და არანაირი დაგმობა არ არის მათი ექსტრემალური, უფრო რადიკალური განცხადებების. მე მგონი, ყველასთვის ნათელია სურათი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.