სალომე ზურაბიშვილი - ვინც ვიზალიბერალიზაციას არაკეთილსინდისიერად იყენებს, ვნებს არა მხოლოდ სხვა ადამიანებს, არამედ ხელს უშლის საქართველოს სურათს საზღვარგარეთ
ჩვენ შორს ვართ ფიზიკურად, მაგრამ ძალიან ახლოს ვართ, ახლოს უნდა დავრჩეთ და უნდა ვიმუშაოთ ერთად, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ამასთან, პრეზიდენტმა ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე ისაუბრა და უვიზო მიმოსვლის არაკეთილსინდისიერად გამოყენების შედეგებზე ინფორმაციის სწორად გავრცელების მხრივ დიასპორული ორგანიზაციების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„მინდოდა, მეთქვა ორი სიტყვა ვიზალიბერალიზაციაზე, რადგან ემიგრაციას, თქვენ დიასპორულ ორგანიზაციებს, გაქვთ საშუალება, სწორად გაავრცელოთ ინფორმაცია, რომ ვინც იყენებს არაკეთილსინდისიერად ამ არაჩვეულებრივ საშუალებას, ვნებს არა მხოლოდ სხვა ადამიანებს, ახალგაზრდებს, რომელსაც ხვალ ექნებათ სურვილი, გაეცნონ ევროპას, მოინახულონ ყველა კულტურული ღირსშესანიშნაობა და ეკონომიკური საშუალებები, არამედ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, ისინი უშლიან ხელს საქართველოს სურათს საზღვარგარეთ. იმას, რასაც მთელი საზოგადოება, ჩვენ ვაშენებთ ყოველდღიურად, საფრთხე ექმნება რამდენიმე ადამიანის გამო, რომლებიც არაკეთილსინდისიერად იყენებენ ამ არაჩვეულებრივ საშუალებას, რომელიც გამოყენებული იქნა, რაც შემოვიდა ვიზალიბერალიზაცია, ნახევარი მილიონი ადამიანის მიერ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, ამ პერიოდში 750 ათასი ვიზიტი განხორციელდა, რაც საქართველოსთვის არაჩვეულებრივი საშუალებაა.
„ეს არის არაჩვეულებრივი გახსნა საქართველოსი ევროპისკენ, სანამ ჩვენ შევალთ ბოლომდე ევროპაში და ევროპის გახსნა ჩვენი მხრივ, ის უზარმაზარი ტურისტული ტალღა, რაც ბოლო წლებში ვითარდება, საქართველოსთვის არის საშუალება, გაიხსნას კავშირები მსოფლიოსთან“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.