სალომე ზურაბიშვილი - ვინც ამ დროს ექიმების მიმართ უნდობლობის გაჩენას, აუცილებელი ზომების ეჭვქვეშ დაყენებას და ხელოვნური მიზეზებით არეულობის გამოწვევას ცდილობს, ის ქვეყნის წარმატებას, გადარჩენას ებრძვის
დარჩენილი შეზღუდვების მოხსნისთანავე შეიქმნება განწყობა, რომ საფრთხე გადავაგორეთ, ეს ასე არაა. აწი ჩვენზე, ინდივიდუალურად და კოლექტიურად იქნება დამოკიდებული, როგორ შევინარჩუნებთ მიღწეულ შედეგს და დავიცავთ თავს ახალი აფეთქებისა და მეორე ტალღისაგან, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვაზიანის მეოთხე მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე განაცხადა, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
პრეზიდენტის თქმით, ქვეყანა ასევე უნდა მოემზადოს ეკონომიკური და სოციალური გამოწვევების დასაძლევად, რაც გამძლეობას მოითხოვს.
„ასევე უნდა მოვემზადოთ ეკონომიკური და სოციალური გამოწვევების დასაძლევად და გვახსოვდეს, რომ ეს მოითხოვს გამძლეობას, მოთმინებას და უფრო მეტად სოლიდარობას. ესეც ბრძოლის ნაწილია, რომელშიც ქვეყანა უნდა იყოს ერთიანი. ამ შემთხვევაში დაპირისპირება და პოლარიზაცია ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს და იგი ხელს შეუშლის ენერგიის მობილიზებას. ვინც ამ დროს ექიმების მიმართ უნდობლობის გაჩენას, აუცილებელი ზომების ეჭვქვეშ დაყენებას და ხელოვნური მიზეზებით არეულობის გამოწვევას ცდილობს, ის ქვეყნის წარმატებას და მაშასადამე, გადარჩენას ებრძვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ასეთი მასშტაბის კრიზისების დროს აუცილებელია გარკვეული დონის პოლიტიკური კონსოლიდაცია.
„ისიც აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ ასეთ კრიზისში საზოგადოების დაუცველ ფენებს სჭირდებათ მეტი მხარდაჭერა, რადგან ასეთ დროს ისინი ყველაზე მეტად ზარალდებიან. ჩვენი წარმატება ამ პირველ ბრძოლაში ხსნის ახალ შესაძლებლობებს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გლობალურ გამოწვევაში ცალ-ცალკე ვერავინ მოიპოვებს საბოლოო გამარჯვებას.
პირველად კაცობრიობის ისტორიაში მსოფლიო გაჩერდა, იძულებული გავხდით, დავფიქრებულიყავით, თუ როგორი იქნება მსოფლიო ამ გაჩერების შემდეგ და ჩვენ რა ადგილს დავიკავებთ ახალ მსოფლიოში. ამის გააზრება ყველასგან მოითხოვს არჩევანის გაკეთებას ეგოიზმსა და სოლიდარობას შორის, დაპირისპირებასა და თანამშრომლობას შორის, კონფლიქტსა და მშვიდობიან გზას შორის“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
მისი თქმით, ხვალინდელ მსოფლიოში საქართველოს თუნდაც მცირე, მაგრამ ღირსეული ადგილის დაკავება შეუძლია.
„ხვალინდელ მსოფლიოში ჩვენ ჩვენი თუნდაც პატარა, მაგრამ ღირსეული ადგილი შეგვიძლია, დავიკავოთ, ეს ნიშნავს ჩვენი პოტენციალის გადააზრებას და საზოგადოებისა და ეკონომიკის სწორი მიმართულებით წარმართვას“, – განაცხადა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.