სალომე ზურაბიშვილი - ვინ არის მოღალატე, ერთ დღეს გაირკვევა, რადგან ისტორიისა და ისტორიის ანალიზის გარეშე ქვეყანა წინ ვერ მიდის
ამ ქვეყანაში ვინ არის მოღალატე, ეს საკითხი ერთ დღეს გაირკვევა, რადგან ისტორიის გარეშე და ისტორიის ანალიზის გარეშე ქვეყანა წინ ვერ მიდის, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა პირველი არხის ეთერში განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილმა ოპონენტების კრიტიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპონენტების მხრიდან დისკუსიის მაგივრად არის მოღალატის ძახილი.
„დღეს თურმე ქსენოფობი ვარ, რასისტი, გუშინ ვიყავი კათოლიკე და კიდევ არ ვიცი რა და ეს ყველაფერი თურმე არის რაღაცა ლანძრვა-გინების ფორმა, რომელიც მე ნაკლებად მესმის. ეს არ არის თემატური დისკუსია და არც ომის საკითხზე, რადგან მე წერილობითაც გამოვაქვეყნე ჩემი პოზიცია, რათა ნათელი ყოფილიყო და ამაზე არანაირი დისკუსია არ არის. დისკუსიის მაგივრად არის ძახილი მოღალატე, მოღალატე. ვინ არის მოღალატე, ეს საკითხი ერთ დღეს გაირკვევა ამ ქვეყანაში, რადგან ისტორიის გარეშე და ისტორიის ანალიზის გარეშე ქვეყანა წინ ვერ მიდის, ეს არის არა ჩემი მოგონილი, ეს არის მსოფლიოში ძალიან ძველი პოლიტიკური ლოგიკა, რომელიც ყველა სახელმწიფოსთვის არის საჭიროება, რათა თავისი წარსული ისტორია გაიგოს და ჩვენ ამაში ძალიან ვკოჭლობთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.