სალომე ზურაბიშვილი - ვიღაცამ გაბედა და პარლამენტში გააჟღერა საბჭოთა ჰიმნი, ეს არის იუნკრების შეურაცხყოფა
ძალიან იშვიათი არის, იდგე იმ ადგილას, სადაც მართალნი განისვენებენ, – ამის შესახებ პარლამენტში იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, ეს არის ადგილი, სადაც 23 თებერვალს დაიკრძალნენ ის ახალგაზრდები, ვინც კოჯორ-ტაბახმელაში პირველივე დღეებში დაიღუპნენ.
„ახალგაზრდები აქედან წავიდნენ შემართებით. არის უამრავი მოგონება, თუ როგორი შემართებით გადიოდნენ ქალაქიდან, როგორ ტაშს უკრავდა ქალაქი ამ ახალგაზრდებს, რომლებიც მიდიოდნენ ქალაქის და ქვეყნის დასაცავად ისე, რომ უკან არ მოუხედავთ, არ უფიქრიათ, რა იქნებოდა კოჯორ-ტაბახლემაში ამ ცივ თებერვლის თვეში, როგორი იქნებოდა მათი ბედი. მათი ბედი იყო უსამართლო, ბრძოლა იყო უთანასწორო.
ქართველ სამხედროებს სადაც არ მოუწევთ ბრძოლა, ავღანეთი იქნება, თუ ცენტრალური აფრიკა, ყველგან მათი ბრძოლა არის დაუვიწყარი სხვებისთვის, რადგან აქვთ ეს შემართება, ეს გამბედაობა, რომელიც მოდის მხოლოდ, როცა იცი, რისთვის იბრძვი. მათ, ვინც აქ განისვენებენ, იცოდნენ, რისთვის იბრძოდნენ, იცოდნენ, რომ ეს ქვეყანა ღირსი არის ბრძოლის, ბოლომდე ბრძოლის, ამ თავშეწირვის და ეს არის ის, რაც მათ დაგვიტოვეს როგორც მაგალითი, რომელიც უნდა ვატაროთ, რომელიც ჩვენ შემდეგ თაობას უნდა გადავცეთ. გადავცეთ იმისთვის, რომ იცოდნენ, ეს ქვეყანა ღირსი არის ჩვენი გაერთიანების, ჩვენი შერიგების და ჩვენი ბოლომდე ბრძოლის“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.
ამასთან, ზურაბიშვილის განცხადებით, სწორედ ამ გმირების შეურაცხყოფა იყო ფაქტი, როცა „ევროპული საქართველოს“ წევრებმა პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს.
„ძალიან ვწუხვარ, რომ დღეს აქ ყველა პოლიტიკური ძალა და მთლიანად საზოგადოება არ არის შეკრებილი. სამწუხაროდ, ამას წინ უძღოდა ის, რომ ვიღაცამ გაბედა და ამ ადგილას გააჟღერა საბჭოთა ჰიმნი, ეს არის ამათი შეურაცხყოფა. ყველაფერი შეიძლება, ყველანაირი კრიტიკა, ყველანაირი დაცინვა, მაგრამ რაღაცები არ შეიძლება და ეს არის ის, რაც უნდა ვასწავლოთ მომავალ თაობას, რომ რაღაც არ შეიძლება, რომ რაღაცაში ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანი თუ გვინდა გამარჯვება. ბრძოლა გრძელდება, როცა პატივს მივაგებთ ტატუნაშვილის ხსოვნას, გრძელდება, როცა დღეს კიდევ იტაცებენ ახალგაზრდა ბიჭს, 17 წლისას, როგორიც იყო გივი ღამბაშიძე, როცა წავიდა ტაბახმელაში და იქიდან ომის დღიურებს წერდა. ეს არის ჩვენი ბედი და ამ ბედს ჩვენ ვერ შევხდებით თუ არა ერთიანად, თუ არა გულწრფელად. ერთიანად იმ მთავარზე, რაც არის ქვეყნის დამოუკიდებლობა, ქვეყნის სუვერენობა“,- აღნიშნა ზურაბიშვილმა.
ამასთან, საქართველოს პრეზიდენტი გამოვიდა ინიციატივით, თბილისში გამოიყოს ადგილი, სადაც ყველა ომში დაღუპულების მემორიალი იქნება.
„ბოლოს მინდა, ერთი აზრი დავტოვო თქვენთან – ალბათ დრო მოვიდა, ჩვენ ერთი ადგილი გამოვყოთ ამ ქალაქში, სადაც იქნება მემორიალი ყველასთვის, არა ის პატარა დაფა, რაც გარეთ არის, არა ეს ადგილი, რომელიც შიგნით არის და საზოგადოება ვერ შემოდის ისე ადვილად, როგორც საჭირო არის. რამე ადგილი, სადაც 9 აპრილის დაღუპულები, როგორც ყველა ჩვენ ომში და ყველა ჩვენს ბრძოლაში დაღუპულები იქნებიან ერთად და სადაც შევძლებთ, შემეცნებითი ნაწილიც იყოს, რომ ახალგაზრდები სკოლებიდან მივიდნენ და პატივი მიაგონ და გაიგონ, თუ რა ხდებოდა, რამდენი ბრძოლა ჩაატარა ამ ქვეყანამ, რამდენი ადამიანი დაიღუპა, რამდენმა დალია სული და რომ ეს ყველაფერი არის ჩვენი მემკვიდრეობა, რომელსაც ყველამ უნდა ვცეთ პატივი“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.