სალომე ზურაბიშვილი - ვიდრე რამდენიმე პარასკევი კიდევ მაქვს, ჩემი პირადი სახელი ასევე არის საზოგადოების და ამ ქვეყნის სახელი
სალომე ზურაბიშვილი - ვიდრე რამდენიმე პარასკევი კიდევ მაქვს, ჩემი პირადი სახელი ასევე არის საზოგადოების და ამ ქვეყნის სახელი

ბევრი რამ არის, რომელიც ვერ დავინახეთ, წინასწარ არ დავაზღვიეთ, ალბათ ნამეტანი თვითდაჯერებული ვიყავით, ეს ყველაფერი აღარ უნდა დავუშვათ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან შეხვედრაზე განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ამ არჩევნებზე დაირღვა ყველაზე მთავარი პრინციპები, რასაც არავინ შეეგუება.

„მინდა, ყველას მადლობა მოგახსენოთ იმისთვის, რაც გააკეთეთ თქვენთვის, თქვენი მომავლისთვის, ქვეყნისთვის, რადგან, რეალურად, თქვენ იყავით ამ ძალიან უსამართლო ბრძოლაში პირველ ფრონტზე და იყავით ის ჯარი, რომელიც იცავდა ჩვენს ხმებს. ვიტყოდი, რომ ახალი მტკიცებულებები ნამდვილად არ არის საჭირო, რადგან ყველამ ვიცით, ვნახეთ, ყველანი დავრწმუნდით იმაში, რომ ყველაზე მთავარი პრინციპები დაირღვა ამ არჩევნებზე და არ შედგა არჩევნები. ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ის ადამიანური პირველადი მტკიცებულება, რაც ნახეთ, რაც დაწერეთ, რაც ვერ დაწერეთ და მაინც შეინახეთ. ეს მეხსიერება არის ძალიან მნიშვნელოვანი.

ვინმე თუ გადახედავს დღევანდელ დარბაზს, დარწმუნდება, რომ ამდენი სხვადასხვა გამოცდილება არის ის, რაც საფუძველს უქმნის ყველა მტკიცებულებას, რაც გვაქვს, პრაქტიკულად, პირველი დღიდან. ბევრი რამ უკვე გამოჩნდა პირველ დღეს. ასე რომ, თქვენ ხართ ის ცოცხალი მოწმეები, რომლებიც არსად წავლენ და რომელიც დარჩება, როგორც ყველაზე მთავარი მტკიცებულება. მაგრამ არა მხოლოდ ეს, თქვენი გამოცდილება არსად დაიკარგება, რადგან შედგება ახალი არჩევნები. როდის და როგორ, ამას ჩვენ ვერ ვიტყვით, მაგრამ შედგება, რადგან ეს არჩევანი არ შედგა და ამას არავინ შეეგუება.

ამიტომ, თქვენი გამოცდილება, თქვენი ხვალინდელი ბრძოლა, შეიძლება ითქვას, რომ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია და მნიშვნელოვანი იქნება. თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც ხვალინდელ არჩევნებში კიდევ ერთხელ ყველაზე კარგად დაიცავთ ჩვენს ხმებს, რადგან გექნებათ გამოცდილება. უკვე იცით, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება, თუმცა ალბათ კიდევ ცვლილებები იქნება შეტანილი. მაინც ბევრი რამ არის, რომელიც ჩვენ ვერ დავინახეთ, ვერ ვნახეთ, წინასწარ არ დავაზღვიეთ, რადგან ალბათ ნამეტანი თვითდაჯერებული ვიყავით და ესეც შექმნილი სიტუაცია იყო. ეს ყველაფერი აღარ უნდა დავუშვათ. ყველაფერს სჭირდება თავისი გამოცდილება და თქვენი გამოცდილება მართლაც ფასდაუდებელია. მინდა, კიდევ ერთხელ ყველას დიდი მადლობა მოგახსენოთ ჩემი პირადი სახელით, მაგრამ ვიდრე რამდენიმე პარასკევი კიდევ მაქვს, ჩემი პირადი სახელი ასევე არის საზოგადოების სახელით და ამ ქვეყნის სახელით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სადამკვირვებლო ორგანიზაციები – კოალიცია „ჩემი ხმა“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „სამართლიანი არჩევნები“ საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას მართავენ. შეხვედრა სასტუმრო „პულმან თბილისი აქსის თაუერში“ მიმდინარეობს. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის, „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო დოლიძემ შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ორგანიზაციების დამკვირვებლები პირადად ისაუბრებენ საკუთარი ისტორიების თაობაზე.