სალომე ზურაბიშვილი - ვერ შევადარებთ იმ ფასს, რომელსაც უკრაინა დღეს იხდის, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ საქართველოს სისხლის ფასად დაუჯდა საკუთარი დამოუკიდებლობა
საქართველომ მძიმე ფასი გადაიხადა თავისი დამოუკიდებლობის, დემოკრატიისა და ევროპული მომავლის უზრუნველყოფისთვის, ეს იყო 1989-1991-2008 წლებში. რა თქმა უნდა, ვერ შევადარებთ იმ ფასს, რომელსაც უკრაინა იხდის დღეს, მაგრამ ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ, რომ საქართველოს სისხლის ფასად დაუჯდა საკუთარი დამოუკიდებლობა და თავისი უფლება, გამხდარიყო დემოკრატიული, თავისუფალი სამყაროს წევრი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, საქართველომ დიდი ფასი გადაიხადა საკუთარი დამოუკიდებლობისთვის.
„ჩვენი სიმბოლო გვაჩვენებს და ჩვენი გერბი ამბობს, რომ ძალა ერთობაშია. დღესდღეობით, სამწუხაროდ პოლარიზაციის პროცესს განვიცდით. პოლარიზაცია მცირე ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციას ემსახურება, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, რომლებიც აწყდებიან ოკუპაციას და პროპაგანდას, ყალბი ინფორმაციისა და სიძულვილის ენის გავრცელებას. პოლარიზაცია ემსახურება მხოლოდ ერთს – ჩვენს მტერს და ჩვენ ერთად უნდა აღვუდგეთ ამას წინ. საქართველოს ძირითადი ღირებულებები ეხმიანება 12 რეკომენდაციას, რომელიც მოცემულია კანდიდატის სტატუსის მისაღწევად“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ის, რასაც ევროკავშირი ითხოვს საქართველოსგან 12 რეკომენდაციის შესრულების მხრივ, საქართველოს კულტურის, ღირებულებისა და მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია.
„მინდა, ვთქვა, რომ ისტორიული წარსული საკმარისია, რათა დღევანდელი შეშფოთებების მოგვარება მოხდეს. ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს ასეთი შეშფოთების საკითხი და ევროკავშირი რასაც ითხოვს, ეს გახლავთ ჩვენი კულტურის, ღირებულებისა და მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილი. ევროკავშირის რეკომენდაციები არ გახლავთ უცხო იდეები, რომლებიც ჩვენ თავს მოგვახვიეთ, როგორც საბჭოთა იდეოლოგია აკეთებდა ამას. ეს არის ნამდვილად ქართული, შესაბამისად, რასაც ითხოვთ ჩვენგან, არის ის, რომ საქართველომ შეინარჩუნოს საკუთარი იდენტობა. თქვენი რეკომენდაცია გახლავთ, რომ საქართველომ მოსპოს ტოტალიტარული წარსულის ნარჩენები და შეუერთდეს და დაუკავშირდეს თავის ევროპულ ფესვებს. საკუთარი დამოუკიდებლობიდან საქართველო მუდამ ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით მოძრაობდა. საქართველომ მძიმე ფასი გადაიხადა თავისი დამოუკიდებლობის, დემოკრატიისა და ევროპული მომავლის უზრუნველყოფისთვის, ეს იყო 1989-1991-2008 წლებში. რა თქმა უნდა, ვერ შევადარებთ ჩვენ იმ ფასს, რომელსაც უკრაინა იხდის დღეს. მაგრამ ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ, რომ საქართველოს სისხლის ფასად დაუჯდა საკუთარი დამოუკიდებლობა და თავისი უფლება, გამხდარიყო დემოკრატიული, თავისუფალი სამყაროს წევრი“, – განაცხადა პრეზიდენტმა.