სალომე ზურაბიშვილი - ვერ დავუშვებ, რომ ორი დამნაშავის გამო სიტუაცია გამძაფრდეს, ამ ორ ადამიანს ქვეყნის მომავალს ვერ გადავაყოლებ
რადაც არ უნდა მიღირდეს და მერწმუნეთ, ეს ნაბიჯი ჩემი მანდატის ალბათ ერთ-ერთ ურთულეს გადაწყვეტილებად დარჩება, მე ამ ორ ადამიანს ქვეყნის მომავალს ვერ გადავაყოლებ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ქვეყნის საერთაშორისო პრესტიჟის შენარჩუნება მას ევალება და სწორედ ამიტომ მიიღო დღევანდელი გადაწყვეტილება.
„ეს აშკარაა, რომ ოპოზიცია აპირებს ამ სიტუაციით მანიპულირებას, არეულობის გამოწვევას, ისევ ქუჩაში პროცესების გადატანას და ამით პროცესების დესტაბილიზაციას, თუმცა ამისი ძალა ნაკლებად გააჩნია. მეორეს მხრივ, ისიც არ ჩანს, რომ „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური ვითარებიდან სწრაფი გამოსვლისა და სიტუაციის განმუხტვის ბერკეტი გააჩნდეს. აქედან გამომდინარე, მივიჩნევ, რომ გამოსავლის პოვნა, სიტუაციის განმუხტვა და სტაბილურობისა და ქვეყნის საერთაშორისო პრესტიჟის შენარჩუნება მე მევალება, ამიტომაც და მხოლოდ ამიტომ, მივიღე ეს გადაწყვეტილება. ვერ დავუშვებ, რომ ორი დამნაშავის გამო, სიტუაცია გამძაფრდეს. ვერ დავუშვებ ახალ პოლარიზაციას და კიდევ დაპირისპირებას. ვერ დავუშვებ, რომ ამათ გამო, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული შეთანხმება არ შესრულდეს. სხვა შემთხვევაში ქვეყანა ვერ გაუმკლავდება ვერც „კორონას“, ვერც ეკონომიკურ და ვერც სოციალურ გამოწვევებს. ჩვენი სტაბილური, დემოკრატიული და ევროპული მომავალი ამ სასწორზე დევს. რადაც არ უნდა მიღირდეს და მერწმუნეთ, ეს ნაბიჯი ჩემი მანდატის ალბათ ერთ-ერთ ურთულეს გადაწყვეტილებად დარჩება, მე ამ ორ ადამიანს ქვეყნის მომავალს ვერ გადავაყოლებ. დღეს ჩემს თავზე ვიღებ ამ მძიმე ტვირთს. ვათავისუფლებ საზოგადოების დიდი უმრავლესობისთვის ოდიოზურ ფიგურებს და ამავდროულად, ერთხელ და სამუდამოდ ვათავისუფლებ ქვეყანას იმ წარსულისგან, რომელიც წინსვლაში გვაფერხებს და საფრთხეს უქმნის მომავალს. საქართველოში ჩატარდება სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები და ამას ხელს ვერავინ შეუშლის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.