სალომე ზურაბიშვილი ვაშინგტონში მადლენ ოლბრაიტის დაკრძალვის ცერემონიას ესწრება
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვაშინგტონში, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, მადლენ ოლბრაიტის დაკრძალვის ცერემონიას ესწრება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მადლენ ოლბრაიტის დაკრძალვის ცერემონია ვაშინგტონის საკათედრო ტაძარში იმართება. ცერემონიაზე გამოსამშვიდობებელი სიტყვით გამოვიდნენ აშშ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი, ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და ოჯახის წევრები.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი მსოფლიო ლიდერებთან ერთად, მადლენ ოლბრაიტის პატივსაცემად გამართულ მიღებას დაესწრება, რომელიც ვაშინგტონში, აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტში გაიმართება.
აშშ-ის პირველი ქალი სახელმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაიტი 23 მარტს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.