სალომე ზურაბიშვილი - „ვარდების მოედანს“ „დამოუკიდებლობის მოედანი“ უნდა დაერქვას
სალომე ზურაბიშვილი - „ვარდების მოედანს“ „დამოუკიდებლობის მოედანი“ უნდა დაერქვას

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ „ვარდების მოედანს“ „დამოუკიდებლობის მოედანი“ უნდა დაერქვას.

ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა თბილისის საკრებულოში, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც „ვარდების მოედნისთვის“ სახელის შეცვლის საკითხზე საჯარო განხილვა გაიმართა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, მას სახელი პირველი რესპუბლიკა ცოტა ეუხერხულება.

„არც ვარდების რევოლუციიდან და არც 100 წლის წინანდელი რესპუბლიკიდან არ უნდა დავიწყოთ ისტორია. ჩვენი ქვეყნის ისტორია მრავალსაუკუნოვანი. 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგა. ვინც 1921 წლის ოკუპაციის შემდეგ იბრძოდა, ყველას მიზანი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის და არა პირველი რესპუბლიკის ან რომელიმე სხვა წყობის აღდგენა. მომხრე ვარ, რომ ვარდების რევოლუციის მოედანს ეწოდოს დამოუკიდებლობის მოედნის სახელი,“- დასძინა სალომე ზურაბიშვილმა.

სახელდების და სიმბოლიკის კომისია „ვარდების მოედნისთვის“ სახელის გადარქმევის საკითხს დღეს გამართული საჯარო განხილვის შემდგომ ხვალ, კომისიის სხდომაზე ისევ დაუბრუნდება.