სალომე ზურაბიშვილი - მე ვარ ვალდებული ჩემი წინაპრებისა და ყველა მათ წინაშე, რომლებმაც 100 წლის წინ დამოუკიდებლობა გამოაცხადეს და შემდეგ ვეღარ აცოცხლეს
მე ვარ ვალდებული ჩემი წინაპრებისა და ყველა მათ წინაშე, რომლებმაც 100 წლის წინ დამოუკიდებლობა გამოაცხადეს და შემდეგ ვეღარ აცოცხლეს, – ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომელმაც აღნიშნა, რომ ის აყენებს საპრეზიდენტო არჩევნებზე თავის კანდიდატურას.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, მან ამ გადაწყვეტილებაზე ბევრი იფიქრა, ვინაიდან აღნიშნული დიდი პასუხისმგებლობაა.
„ოფიციალურად ვაყენებ ჩემ კანდიდატურას პრეზიდენტობაზე. ეს არის ჩემი გადაწყვეტილება. ეს არის გადაწყვეტილება, რომელზეც ბევრი ვიფიქრე, ეს არ მომხდარა ერთ დღეში, რადგან ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. რაც არ უნდა ფიქრობდეს ამაზე ადამიანი და იცით, რომ 2013 წელსაც ვფიქრობდი ამაზე, აღნიშნულ გადაწყვეტილებამდე მისვლა არის საკმაოდ მძიმე, მეტადრე იმ დროს, როდესაც ამ დღეებში იყო ჩემი შვილის ქორწილი, რაც ნიშნავს, რომ ალბათ მალე შვილიშვილები იქნებიან. ვიცი, რომ ამ ვალდებულებას ნაკლებად შევასრულებ და ამაზეც ვფიქრობდი ამ დღეებში, როცა ვფიქრობდი ჩავერთო თუ არ ჩავერთო აღნიშნულ მარათონში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მან პასუხისმგებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ვალდებულია საკუთარი წინაპრების წინაშე.
„ეს არ არის მხოლოდ ჩემი პასუხისმგებლობა. მე ვარ ვალდებული ჩემი წინაპრების და ყველა მათ წინაშე, რომლებმაც 100 წლის წინ დამოუკიდებლობა გამოაცხადეს და შემდეგ ეს ვეღარ აცოცხლეს, ზოგი წავიდა, ზოგი დარჩა. ბევრი იყო ჩემს ოჯახში, ვინც იქნებოდა საქართველოს ღირსეული პრეზიდენტი, ვერ გახდა ვერც პრეზიდენტი და ვერც პარლამენტში იმუშავა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, აღნიშნულ გამოწვევაზე უარის თქმა არ შეიძლებოდა.
„მე მიმაჩნია, რომ არ შეიძლება ამ გამოწვევაზე უარის თქმა და არ წასვლა ბოლომდე. ეს არის ჩემი გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.