სალომე ზურაბიშვილი - ვაპირებთ, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ვაკანტურ ადგილებზე კონკურსი რამდენიმე დღეში გამოვაცხადოთ
სალომე ზურაბიშვილი - ვაპირებთ, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ვაკანტურ ადგილებზე კონკურსი რამდენიმე დღეში გამოვაცხადოთ

რამდენიმე დღეში პრეზიდენტის ადმინისტრაცია რეორგანიზაციის შემდეგ დარჩენილ ვაკანტურ ადგილებზე კონკურსს გამოაცხადებს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის რესპუბლიკაში სტუდენტებთან შეხვედრისას გააკეთა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის რეორგანიზაციის პროცესზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი ადმინისტრაცია ღიაა ახალგაზრდა კადრებისთვის.

„ვაპირებთ, რამდენიმე დღეში გამოვაცხადოთ კონკურსი რეორგანიზაციის შემდეგ დარჩენილ ადგილებზე, სადაც ყველას შეეძლება წარადგინოს თავისი კანდიდატურა. ეს იქნება საჯაროდ გამოცხადებული. ჩვენ ცოტა ადგილი გვაქვს სამწუხაროდ, რადგან პრეზიდენტის აპარატი საკმაოდ შეიკვეცა, ერთი მესამედი დარჩა იმის, რაც იყო წინა პრეზიდენტების დროს. ამ ერთ მესამედში რჩება ნაწილი წინა ადმინისტრაციისა, რომელიც აუცილებელი არის რომ შევინარჩუნოთ. ასე რომ, დიდი საშუალება, თავისუფლად ვიმოქმედოთ და ადმინისტრაციის კადრები დავაკომპლექტოთ ისე, როგორც გვინდა, ნაკლებად გვაქვს”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, სტაჟირების სისტემა სტუდენტებს საშუალებას მისცემს გამოსცადონ საკუთარი თავი საჯარო სამსახურში.

მისივე თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სტაჟიორები შეიტანენ ახალ იდეებსა და ინიციატივებს.

„საჭირო არის, თვითონ სახელმწიფო ადმინისტრაციაში იყოს მეტი საშუალება, დავასაქმოთ ის ახალგაზრდები, რომლებიც ბრუნდებიან უცხოეთიდან გამოცდილებით, სხვა ტიპის ცოდნით და მუშაობის სხვა პრაქტიკით. ადმინისტრაციაში მყავს უკვე ორი ახალგაზრდა, რომლებიც არიან დაბრუნებულები უცხოეთიდან”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ლიეტუვის რესპუბლიკაში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი დასრულებულია.