სალომე ზურაბიშვილი - უმუშევრობა, მწვავე სოციალური პრობლემები დიდი ტვირთია მოქალაქეებისთვის და ეს განსაკუთრებით საგრძნობია რეგიონებში
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საგარეო ურთიერთობებთან ერთად, პრეზიდენტის როლი საზოგადოების ახალ საფეხურზე აყვანის კუთხით არანაკლებად საჭიროა.
ამ მიმართულებით პრეზიდენტმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას რამდენიმე პრიორიტეტი დაასახელა – რეგიონები, კულტურა, დიასპორა, საზოგადოების დაუცველი ფენები.
სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„რეგიონების განვითარება ქვეყნის მომავლის ქვაკუთხედია. მიმაჩნია, რომ რეგიონებში პრეზიდენტის ვიზიტები უნდა იყოს უცხოეთში ვიზიტებზე არანაკლებად ხშირი და შედეგიანი. თელავში ფიცის დადება ამ პრიორიტეტის ხაზგასმა იყო. ჩავედი ზუგდიდში, ქუთაისში, დაგეგმილი მაქვს ჩასვლა ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და გურიაში.
უმუშევრობა, მწვავე სოციალური პრობლემები ძალიან დიდი ტვირთია ჩვენი მოქალაქეებისთვის და ეს განსაკუთრებით საგრძნობია რეგიონებში. ადგილებზე ჩასვლით დავრწმუნდი, რომ ყველგან, ყველა მხარეში დევს მისი განვითარების სპეციფიკური გასაღები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისი შეფასებით, მეღვინეობის განსაკუთრებულ და მზარდ პოტენციალთან ერთად, სოფლის მეურნეობის სხვა დარგები ვითარდება. მცირე და საშუალო მეწარმეები კი, წარმატების მაგალითს იძლევიან.
„ისინი სახელმწიფო პროგრამების, სხვადასხვა დაფინანსების წყაროების გამოყენებით ახერხებენ ქართული ბაზრის დაუფლებას და ზოგჯერ უცხოურ, ჩვენთვის უკვე ხელმისაწვდომ ბაზრებში შეღწევას. უცხოეთთან გახსნილი თავისუფალი სავაჭრო სივრცე და სატრანსპორტო ქსელის განვითარება დიდ შესაძლებლობებს გააჩენს, თუკი ქართული პროდუქციის ხარისხისა და რეკლამირების დონე აიწევს“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა და ხაზი გაუსვა ქალი ფერმერების საქმიანობას, რომელსაც უჭირავს თავისი ადგილი ეკონომიკაში და რომელსაც, პრეზიდენტის შეფასებით, მეტი მხარდაჭერა სჭირდება.
სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ რეგიონებში მიმდინარე მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, ახალი პოტენციალის ამოქმედება გადამწყვეტია, მაგალითად, ტურიზმის სფეროს სხვადასხვა სახეობის: სამედიცინო, ბალნეოლოგიური, სამთო, არქეოლოგიური, რელიგიური ტურიზმის განვითარება.
ამასთან, საქართველოს პრეზიდენტი დაცული ტერიტორიების სიაში ახალი ობიექტების შეტანას მიესალმება და მიიჩნევს, რომ მათი ხარისხიანი დაცულობა რეგიონების განვითარების ერთ-ერთ სერიოზულ გზას სახავს და გარემოს დაცვას ემსახურება.
„კულტურა ჩემი უცვლელი პრიორიტეტია როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ის არის აუცილებელი პირობა რეგიონების განვითარებისთვის, რამეთუ ეკონომიკა კულტურის გარეშე ვერ განვითარდება. ვერც ადგილზე დავაკავებთ ახალგაზრდობას, თუ მათ არ ჩავრთავთ კულტურულ ცხოვრებაში”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის აზრით, კულტურულ ცხოვრებაზე ხელმისაწვდომობა საზოგადოების ცხოვრების ხარისხის მთავარი საზომია.
„ამ მიმართულებით ჩვენ დავიწყეთ კონცეფციაზე მუშაობა და ახლო მომავალში მას წარვუდგენთ ფართო საზოგადოებასა და კულტურის წრეებს“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას.
მისივე თქმით, ადგილობრივი თეატრების გაცოცხლებით, მუზეუმების აღდგენით, მუსიკალური განათლების კერების გადარჩენითა და განვითარებით, ზოგადად, თანამედროვე ხელოვნების მიმართულებებზე ზრუნვით რეგიონებისა და მთლიანად, სახელმწიფოს კულტურულ ცხოვრებაში გარდატეხა მოხდება.
„როგორც პრეზიდენტი, მზად ვარ, ყველგან, სადაც საჭირო იქნება, მხარში დავუდგე ამგვარ წამოწყებებს”, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში მოხსენებით წარსდგა. გამოსვლას ესწრებიან: პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, მთავრობის წევრები, სასულიერო პირები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.