სალომე ზურაბიშვილი - უკრაინაში იბადება ძლიერი ერი, მათაც უნდა ეღირსოთ ავტოკეფალია, რამეთუ რუსეთმა დაკარგა ყველა მორალური უფლება, იყოს რომელიმე მართლმადიდებელი ეკლესიის ერთმორწმუნე
ავტოკეფალიის აღდგენა თუ არა, ალბათ არც თავისუფლების აღდგენა იქნებოდა და დღეს არ ვიქნებოდით, როგორც ერთ-ერთი დამოუკიდებელი, ძლიერი სახელმწიფო, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სიონის საკათედრო ტაძრის ეზოში განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილმა სრულიად საქართველოს მიულოცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის აღდგენის 105 წლისთავი.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სარწმუნოებისთვის, ჩვენი ეკლესიისთვის და ჩვენი თავისუფლებისთვის, თუ არა აღდგენა ავტოკეფალიის, ალბათ არც თავისუფლების აღდგენა იქნებოდა და დღეს არ ვიქნებოდით, როგორც ერთ-ერთი დამოუკიდებელი, ძლიერი სახელმწიფო. არ შეიძლება, რომ დღეს არ გავიხსენო ის, რაც ხდება უკრაინაში, სადაც რეალურად იბადება ძლიერი, თავისუფალი უკრაინული ერი და ალბათ მათაც თავის დროზე უნდა ეღირსოთ ავტოკეფალია თავიანთი ეკლესიის, რამეთუ რუსეთმა დაკარგა ყველა მორალური უფლება, იყოს ერთმორწმუნე რომელიმე სხვა მართლმადიდებელი ეკლესიისა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის აღდგენის 105 წლისთავს დღეს აღნიშნავს.
სადღესასწაულო თარიღთან დაკავშირებით სიონის საკათედრო ტაძარში საპატრიარქო ტაძრის მოსაყდრემ პარაკლისი აღავლინა. ღვთისმსახურებას პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, პარლამენტის და საკრებულოს წევრები დაესწრნენ.