სალომე ზურაბიშვილი - უკრაინამ მშვიდობის შენარჩუნებისთვის ყველაფერი იღონა, თუმცა ვერ აიცილა თავიდან რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესია, დღეს, როცა იგი ცდილობს, გაუმკლავდეს უმძიმეს ვითარებას, საქართველო მის გვერდზე დგას
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ორბელიანების სასახლეში დაგეგმილ ეროვნული თანხმობის დღევანდელ სესიას აუქმებს.
ზურაბიშვილის თქმით, დღეს ეროვნული თანხმობის საკითხი არის ერთი და ეს არის უკრაინა, ჩვენი სოლიდარობა უკრაინის მიმართ.
სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, უკრაინამ მშვიდობის შენარჩუნებისთვის ყველაფერი იღონა, თუმცა ვერ აიცილა თავიდან რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესია და დღეს, როცა იგი ცდილობს, გაუმკლავდეს უმძიმეს ვითარებას, საქართველო მის გვერდზე დგას.
„ეროვნული თანხმობის დღევანდელი სესია, რომელიც უნდა ჩატარებულიყო აქ, გავაუქმე, რამეთუ დღეს საკითხი ეროვნული თანხმობის არის ერთი და მხოლოდ ერთი, ეს არის უკრაინა, ჩვენი სოლიდარობა უკრაინის მიმართ. უკრაინისთვის დღევანდელი დღე ტრაგიკული დღეა, მიუხედავად იმისა, რომ მშვიდობის შენარჩუნებისთვის ბოლომდე ყველაფერი იღონა, ვერ აიცილა თავიდან რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესია. დღეს, როცა იგი ცდილობს, გაუმკლავდეს ამ უმძიმეს ვითარებას, საქართველო მის გვერდზე დგას. ეს დღე ასევე ტრაგიკულია საქართველოსთვის და ყველა მშვიდობის მოყვარე დემოკრატიული ერებისთვის ევროპასა და მსოფლიოში, რამეთუ ომი ევროპის გულში გაჩაღდა ყველანაირი დიალოგის მცდელობის მიუხედავად“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.