სალომე ზურაბიშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერებისა და საბოლოოდ გაუქმების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართავს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართავს, რომლითაც ითხოვს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი შეჩერდეს და საბოლოოდ გაუქმდეს.
ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე განაცხადა.
„საქართველოს პრეზიდენტი პირველად მიმართავს სარჩელით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. სარჩელი ეხება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, ე.წ. რუსულ კანონს. აღნიშნული კანონი არაკონსტიტუციურია. ის ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს. სარჩელით ასევე გასაჩივრებულია კანონის მთელი რიგი ნორმები, რომლებითაც ირღვევა კონსტიტუციით გარანტირებული მთელი რიგი ძირითადი უფლებები. პრეზიდენტი ამ სარჩელით ითხოვს აღნიშნული კანონის მოქმედების შეჩერებას და მის საბოლოო გაუქმებას“, – აღნიშნა გიორგი მსხილაძემ.