სალომე ზურაბიშვილი - თუ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ საქართველოს ეკლესია ფრთხილობს, არ შეიძლება, მე, როგორც პრეზიდენტი, ვიყო ნაკლებად პასუხისმგებელი
უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით მისი პოზიციის შესახებ კითხვაზე პასუხისას განაცხადა.
მისი თქმით, ამავე დროს, ეს ძალიან სენსიტიური საკითხია.
„მინდა, დავიწყო იმით, რომ ეს არის ძალიან სენსიტიური საკითხი, რომელიც ჩემთვის პირადად და მგონი, ძალიან ბევრისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან კარგად ვიცით, კარგად გვახსოვს, თუ რა მნიშვნელობა შეიძინა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენამ 1917 წელს ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის და შემდეგ დამოუკიდებლობის აღდგენისთვის“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მისი თქმით, საქართველოში ეს იყო დამოუკიდებლობის საწინდარი.
„ჩვენთან ეს იყო საწინდარი დამოუკიდებლობის. ეს არის ჩვენი ისტორიული გზა, სადაც საუკუნეების მანძილზე სწორედ ეკლესია იყო წინა პლანზე და ეკლესია ქმნიდა სახელმწიფოს სიძლიერეს, დამოუკიდებლობასა და მის განვითარების საწინდარს ყველა მხრივ. ეს არ არის ალბათ უკრაინის ისტორიული გამოცდილება, სხვანაირი ქვეყნები ვართ და არ გვაქვს ერთნაირი გამოცდილება, მაგრამ ეს მნიშვნელობა ყველასთვის არსებობს. ძალიან მარტივი იქნებოდა ჩემთვის უკრაინის ხალხისთვის ავტოკეფალიის მილოცვა, რადგან ეს არის ჩემთვის ბუნებრივი, როგორც ვთქვი, ჩემი ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
თუმცა, მისი თქმით, ის საუბრობს, არა როგორც კერძო პირი, არამედ, როგორც საქართველოს პრეზიდენტი.
„დღეს, მე როგორც კერძო პირი არ გესაუბრებით, მე ვარ საქართველოს პრეზიდენტი და ამდენად, მაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. ვფიქრობ, რომ საქართველოს ეკლესიამ, საპატრიარქომ ჩემზე ნაკლებად არ იცის და არ ანიჭებს მნიშვნელობას საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას, ჩემზე ნაკლებად არ იცის, რა მოჰყვა მას და რამდენად მნიშვნელოვანია. თუ საქართველოს ეკლესია და საპატრიარქო ფრთხილობენ რაღაცებს, რაღაც შედეგების გამო, რომელზედაც არ მინდა ახლა ხაზგასმა, მაგრამ ყველას გვესმის რას ეხება, არ შეიძლება, რომ როგორც საქართველოს პრეზიდენტი ვიყო ნაკლებად პასუხისმგებელი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, ის არ მიიჩნევს, რომ აქვს უფლება ამ საკითხების მიმართ პასუხისმგებლობა აიღოს.
„მე გითხარით უკვე, რომ ჩემთვის ადვილი იქნებოდა მილოცვა, მაგრამ არ მივულოცე, რადგან არ ვთვლი, რომ მაქვს უფლება, ავიღო პასუხისმგებლობა ამ საკითხების მიმართ, არ მინდა, რომ დავაკონკრეტო გარკვეული მიზეზები, მაგრამ ყველამ ვიცით, რა საფრთხეები შეიძლება, იყოს. ეს ყველაზე კარგად იცის საქართველოს საპატრიარქომ. მე არ ავიღებ ჩემს თავზე იმის პასუხისმგებლობას, რომ გავამძაფრო არსებული სიტუაცია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.