სალომე ზურაბიშვილი - თუ რუსეთს საერთაშორისო თანამეგობრობის სრულფასოვან წევრად ყოფნა სურს, უნდა დაამტკიცოს, რომ აღიარებს საერთაშორისო სამართლის ნორმებს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ თუ რუსეთის ფედერაციას საერთაშორისო თანამეგობრობის სრულფასოვან წევრად ყოფნა სურს, მაშინ მოსკოვმა უნდა დაამტკიცოს, რომ სიტყვიერადაც და ფაქტობრივადაც აღიარებს საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმას. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ინაუგურაციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, მშვიდობიანი და სტაბილური კავკასია სჭირდება არამხოლოდ რეგიონს, არამედ მთელ მსოფლიოს.
„საქართველომ უნდა გააძლიეროს თავისი პოზიცია კავკასიაში. ჩვენ შეგვიძლია ამ რეგიონში ჩვენი ისტორიული როლის დაბრუნება და ამ პასუხისმგებლობის აღება. რუსეთმა, როგორც კავკასიის მეზობელმა, უნდა გააცნობიეროს, რომ თუ მას საერთაშორისო თანამეგობრობის სრულფასოვან წევრად ყოფნა სურს და ამ რეგიონში ნორმალური ურთიერთობების აღდგენას აპირებს, უნდა დაამტკიცოს, რომ სიტყვიერადაც და ფაქტობრივადაც აღიარებს საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმას. ეს აუცილებელია მის მეზობლებთან თანასწორი და მშვიდობიანი კავშირების დასამყარებლად“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.