სალომე ზურაბიშვილი თიანეთში დოჭურიშვილების დამბალხაჭოს ოჯახურ საწარმოს ეწვია [ფოტო]
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თიანეთში დოჭურიშვილების დამბალხაჭოს ოჯახურ საწარმოს „მართა ბებოს დამბალხაჭო“ ეწვია და დამბალხაჭოს მომზადების პროცესს გაეცნო.
დამბალხაჭოს დამზადების ტექნოლოგიას არამატერიალური ძეგლის სტატუსი უკვე ხუთი წელია რაც მიენიჭა, მსოფლიოში სწორედ მისი დამზადების ტექნოლოგიის უნიკალურობის გამო.
როგორც პრეზიდენტს მეწარმე ეკა დოჭურიშვილმა განუცხადა, არსებობს სხვადასხვა წარმოშობისა და ტიპის დაობებული ყველი, მაგრამ დამბალხაჭოს ძირი ხაჭოსია, სწორედ ამით განსხვავდება სხვა მსგავსი ტიპის პროდუქციისაგან.
დოჭურიშვილების ოჯახმა პროდუქტის წარმოება სახელმწიფო პროგრამის ხელშეწყობით დაიწყო და დღეს უკვე წარმოების გაფართოებას და აგროტურიზმის მიმართულებით განვითარებას გეგმავენ, რათა დამბალხაჭოს წარმოების პროცესით დაინტერესებულ ადამიანებს უმასპინძლონ.
მეწარმეებმა პრეზიდენტს მომზადების პროცესი გააცნეს, რომელიც რამდენიმე ეტაპისაგან შედგება: მჟავე რძისგან იდღვიბება კარაქი, კარაქის შედღვების შემდეგ დარჩენილი დოსგან კეთდება ხაჭო, რომელიც იწურება, იზილება მარილში და კეთდება გუნდებად, შრება 7-12 დღის განმავლობაში, გასაშრობად ეწყობა თიხის, ან ემალის ჭურჭელში. მის დავარგებას თვენახევარი სჭირდება. იკეთებს ობს, გარედან კი ყავისფერ კანს. ეკა დოჭურიშვილის თქმით, ბოლო წლებში ძალიან დიდი დაინტერესებაა ამ პროდუქტის მიმართ. მოთხოვნა ბაზარზე 2016 წლის შემდეგ სამჯერაა გაზრდილი, ამიტომ წარმოებას დიდი პერსპექტივა გააჩნია.
ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.