სალომე ზურაბიშვილი - სოლიდარობა თაობათა შორის, მოწყვლადი ჯგუფების მიმართ არის განვითარების ის გზა, რომელიც საქართველოს საქართველოსთან დააბრუნებს
ჩვენი მომავალი არის ძლიერი, მშვიდობიანი, დემოკრატიული, გაერთიანებული საქართველო. ეს, ამავე დროს, ნიშნავს იმას, რომ უნდა დავძლიოთ დღევანდელი მტკივნეული სოციალური და ეკონომიკური პრობლემები,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში, ქვეყნის მდგომარეობის მნიშვნელოვან საკითხებზე ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების დაძლევას ეკონომიკაში მეტი ინიციატივა და სოლიდარობა სჭირდება.
„ულტრალიბერალიზმის მახინჯი ფორმები ყველგან, და მათ შორის ჩვენთანაც, გადაფასებას ითხოვს. ხელი უნდა შევუწყოთ იმას, რაც ჩვენთვის ბუნებრივი და ტრადიციულია: ესაა შემოქმედებითი წარმოება – რისი მაგალითიც ღვინის წარმოებამ უკვე მოგვცა და რომელსაც დღევანდელ მსოფლიოში უდიდესი პოტენციალი გააჩნია. ამ ახალ ეკონომიკურ საწყისებში ჩვენი დიასპორის ჩართვა აუცილებელია, და ამისათვის ახალი ფორმები უნდა მოინახოს. ახალ ეკონომიკაში არ უნდა დავივიწყოთ ერთ-ერთი მთავარი ქართული ღირებულება – სოლიდარობა; სოლიდარობა თაობათა შორის, სოლიდარობა მოწყვლადი ჯგუფების მიმართ. ეს არის განვითარების ის გზა, რომელიც საქართველოს საქართველოსთან დააბრუნებს“ ,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.