სალომე ზურაბიშვილი - სიფრთხილე რომ გამოგვეჩინა, არ მივიღებდით არც პოზნერის ვიზიტით გამოწვეულ ვნებათაღელვას და არც გავრილოვს მივუშვებდით პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში
მეტი სიფრთხილით მივუდგეთ ყველა შესაძლო მანიპულირებას, რომლის ინიციატივაც შეიძლება, ქვეყნის გარედანაც მოდიოდეს. სიფრთხილე რომ გამოგვეჩინა, არ მივიღებდით არც პოზნერის ვიზიტით გამოწვეულ ვნებათაღელვას და არც გავრილოვს მივუშვებდით პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, ოკუპაციის თემა ყველაზე საკრალური თემაა და ამ თემასთან დაკავშირებით არ უნდა ისმოდეს აბსურდული ბრალდებები ერთმანეთის მიმართ.
„აღარ გავუსვამ ხაზს იმას, რომ ოკუპაციის თემა ყველაზე საკრალური თემაა და მაშასადამე, ამ თემასთან დაკავშირებით არ უნდა ისმოდეს აბსურდული ბრალდებები ერთმანეთის მიმართ: „არაფერს აკეთებენ“ ან „ენგურის ხიდი ჩაკეტეს“ – განსაკუთრებით მაშინ, როცა ძალიან კარგად ვიცით, ვინ ჩაკეტა ენგურის ხიდი და ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი.
მეტი ყურადღება უნდა გამოვიჩინოთ და მეტი სიფრთხილით მივუდგეთ ყველა შესაძლო მანიპულირებას, რომლის ინიციატივაც შეიძლება, ქვეყნის გარედანაც მოდიოდეს. ასეთი სიფრთხილე რომ გამოგვეჩინა, არ მივიღებდით არც პოზნერის ვიზიტით გამოწვეულ ვნებათაღელვას და არც გავრილოვს მივუშვებდით პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, უმწვავესი საკითხების გადაწყვეტა მოითხოვს პროცესში პოლიტიკური პარტიების მონაწილეობას და მათი პოზიციების დაფიქსირებას.
„უმწვავესი საკითხების გადაწყვეტა მოითხოვს ამ პროცესში პოლიტიკური პარტიების მონაწილეობას, მათი პოზიციების დაფიქსირებას. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ პოპულიზმითა და მოკლევადიანი პოლიტიკური ლოზუნგებით კი არა, შეჯერებული პოზიციებით და გონივრული კომპრომისებით გადაწყდეს ქვეყნის სამომავლო პრიორიტეტები. ამ საკითხებისადმი მიდგომა წარმოაჩენს პოლიტიკური ლიდერის პასუხისმგებლობას ქვეყნის მიმართ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.