სალომე ზურაბიშვილი - შეზღუდვების ნაადრევ მოხსნას შეეძლო გამოეწვია მეორადი აფეთქება, რის შედეგადაც ზომების უფრო გამკაცრება დაგვჭირდებოდა, ასეთი შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შენარჩუნდეს, რათა სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის სიმძიმე შემცირდეს.
მისივე თქმით, შეზღუდვების ნაადრევ მოხსნას შესაძლოა, დიდი საფრთხეები გამოეწვია.
„სწორედ იმისათვის, რომ სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის სიმძიმე შევამციროთ და ჩვენს მოსახლეობაზე მისი შედეგები შევამსუბუქოთ, საჭიროა, საგანგებო მდგომარეობა დღეს შენარჩუნდეს, რადგან შეზღუდვების ნაადრევ მოხსნას შეეძლო გამოეწვია უდროო და დიდი საფრთხეები.
კერძოდ, მეორადი აფეთქება, რის შედეგადაც ზომების კიდევ უფრო გამკაცრება დაგვჭირდებოდა. ასეთი შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს. შესაბამისად, ახალი კორონავირუსის მასობრივი გავრცელების პრევენციის, მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარდგინების საფუძველზე და კონსტიტუციის 71-ე მუხლის თანახმად, გამოვეცი ბრძანება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ.
ბრძანების თანახმად, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა გაგრძელდება 2020 წლის 22 მაისის ჩათვლით. ამავე ვადით გაგრძელდება არსებული დეკრეტის მოქმედება, რომელიც, ხაზს ვუსვამ, არ ითვალისწინებს დამატებით შეზღუდვებს. ამ გადაწყვეტილებით, ჩვენს ქვეყანას ვაძლევთ საშუალებას, წარმატებულად გავიაროთ რთული გზა, ბრძოლის დასრულებამდე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში, სადაც საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ ბრძანება დასამტკიცებლად წარადგინა.