სალომე ზურაბიშვილი - შეწყალებულთა სია, ისევე, როგორც გასული წლის შემთხვევაში, მხოლოდ ჩემი პასუხისმგებლობით ჩამოყალიბდა
იმ დროს, როცა ქვეყანაში საარჩევნო წელი იწყება, იმ დროს, როცა რეგიონში და მის ირგვლივ დაძაბულობა და ესკალაციაა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ერთიანობა და სიმშვიდე, დავძლიოთ პოლარიზაცია და სიძულვილი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც მსჯავრდებულთა საშობაო შეწყალებებთან დაკავშირებით გამართა.
მისი თქმით, სწორედ დეესკალაცია უნდა იყოს მიზანი.
„დეესკალაცია უნდა იყოს ჩვენი მიზანი ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ და ეს იქნება ჩემი წლის მიზანი. შარშანდელმა შეწყალების აქტმა საზოგადოებაში გარკვეული ვნებათაღელვა გამოწვია. ამის შემდეგ, ჩემი ინიციატივით, ახალი კრიტერიუმების შემუშავებამდე, შეწყალების პროცესი დროებით შეჩერდა. კრიტერიუმების ჩამოყალიბებისთვის ვიხელმძღვანელეთ ერთი მხრივ, არსებული საერთაშორისო პრაქტიკით და მეორე მხრივ კი, შესაბამის უწყებებთან გვქონდა კონსულტაციები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, ამის შედეგად შემუშავდა ახალი წესი და კრიტერიუმები.
„შედეგად შემუშავდა შეწყალების ახალი წესი. ახალი კრიტერიუმები მძიმე დანაშაულის მიმართ, როგორიცაა მკვლელობა, რეციდივი, ოჯახური ძალადობა, ძალადობა ბავშვზე, ნარკოტიკის შემოტანა-გასაღება და ა.შ. უფრო გამკაცრებულია. მსუბუქ დანაშაულებზე კი პირიქით, შერბილებულია. ეს კრიტერიუმები მე ჩემს თავს დავუწესე, რამეთუ კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტს კონსტიტუციით მინიჭებულ დისკრეციულ უფლებას სხვა ვერავინ შეუზღუდავდა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, შეწყალებას უნდა ჰქონდეს გამონაკლისის სახე და იგი ვერ იქნება სასამართლოს გადაწყვეტილებების გამოსწორების მექანიზმი.
„კიდევ ერთხელ, ხაზგასმით უნდა ვთქვა, როგორც ერთი წლის წინ პარლამენტის წინაშე ჩემს პირველ მოხსენებაში განვაცხადე, შეწყალებას, როგორც ეს დემოკრატიულ ქვეყნებშია დამკვიდრებული, უნდა ჰქონდეს გამონაკლისის სახე. იგი ვერ იქნება სასამართლოს გადაწყვეტილებების გამოსწორების მექანიზმი და ვერც სასამართლოზე მაღლა მდგომი.
შეწყალების ახალი კრიტერიუმების ზედმიწევნით დაცვით და ყველა გარემოების, მათ შორის დაზარალებულების განწყობების გათვალისწინებით, მიღებულ იქნა დღევანდელი შეწყალების აქტი, იგი ითვალისწინებს ხუთი ადამიანის შეწყალებას. ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, ეს სია, ისევე, როგორც გასული წლის შემთხვევაში, ჩამოყალიბდა ჩემი და მხოლოდ ჩემი პასუხისმგებლობით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
გასული წლის 18 სექტემბერს გამოცხადებული მორატორიუმის შემდეგ, პრეზიდენტმა შეწყალების აქტი დღეს პირველად გამოსცა.