სალომე ზურაბიშვილი საზღვრების დელიმიტაციაზე - აუცილებელია ამ საკითხის საბოლოო მოგვარება, რათა ვერავინ შეძლოს ჩვენი კეთილმეზობლური ურთიერთობების გართულება
საზღვრების გარეშე ვერც სახელმწიფო და ვერც დამოუკიდებლობა ვერ იქნება დაცული. ამიტომ ჩემი ვიზიტების ფარგლებში ერთ-ერთ პრიორიტეტად დავაყენე ჩვენს მეგობარ ქვეყნებთან ჩვენი საზღვრების დელიმიტაციის საკითხი. აუცილებელია ამ საკითხის საბოლოოდ მოგვარება, რათა ვერავინ შეძლოს ჩვენი კეთილმეზობლური ურთიერთობების გართულება და რეგიონში სტაბილურობისთვის ხელის შეშლა, – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, მოხარულია, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ერთობლივი კომისიის მუშაობა განახლდა.
„დემოკრატიული განვითარება, სტაბილურობა და ევროპისკენ მიმავალ გზაზე წარმატებული სვლა ჩვენი საზოგადოების უდიდესი მონაპოვარია. ამაზე დგას ჩვენი დამოუკიდებლობა და ჩვენი მომავალი. ამ მონაპოვარს უნდა გავუფრთხილდეთ. საზოგადოების გათიშვა არ უნდა დავუშვათ. ეს ასუსტებს სახელმწიფოს. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ განსხვავებულ აზრს.
ამიტომ მე არ ჩავრეულვარ და არ ჩავერევი უშუალოდ პოლიტიკურ პროცესებში, მაგრამ დავიცავ დემოკრატიის მთავარ პრინციპებს და წინ გადავუდგები ყველა მცდელობას და განაცხადს, რომელიც მიმართული იქნება სახელმწიფოს წინააღმდეგ.
ყველასთვის გასაგებია, რომ საზღვრების გარეშე ვერც სახელმწიფო და ვერც დამოუკიდებლობა ვერ იქნება დაცული. ამიტომ ჩემი ვიზიტების ფარგლებში ერთ-ერთ პრიორიტეტად დავაყენე ჩვენს მეგობარ ქვეყნებთან ჩვენი საზღვრების დელიმიტაციის საკითხი. აუცილებელია ამ საკითხის საბოლოოდ მოგვარება, რათა ვერავინ შეძლოს ჩვენი კეთილმეზობლური ურთიერთობების გართულება და რეგიონში სტაბილურობისთვის ხელის შეშლა.
მოხარული ვარ, რომ დროულად განახლდა ერთობლივი კომისიის მუშაობა და ვიმედოვნებ, რომ ახლო მომავალში მივაღწევთ სათანადო შედეგს, როგორც მოითხოვს სახელმწიფოს ინტერესები“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისივე განცხადებით, დამოუკიდებლობა ევროპული სტანდარტების დამკვიდრებაზე დგას.
„დამოუკიდებლობა დგას თითოეული ჩვენგანის თავისუფლებაზე, თავისუფალ აზროვნებაზე, ანუ განათლებაზე; დამოუკიდებლობა ასევე მოითხოვს სიღარიბის დაძლევას; დამოუკიდებლობა დგას ევროპული სტანდარტების დამკვიდრებაზე – ეს ეხება შრომის უსაფრთხოებას, ოჯახში ძალადობის აღკვეთას, გარემოს დაცვას.
დამოუკიდებლობა დგას ჩვენი ტრადიციებისა და ღირებულებების გამყარებაზე; დამოუკიდებლობა დგას აქ, საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ მცხოვრები ქართველების საერთო ძალისხმევაზე;
საზოგადოების შერიგებაზე, რამეთუ მტერს მხოლოდ ერთად დგომით თუ ვაჯობებთ. ამ დამოუკიდებლობის დამცველები ხართ თქვენ – აქ შეკრებილი საზოგადოება, და თქვენ – აქ და ყველა რეგიონში მდგომი ჯარისკაცები, რომლებიც იცავთ სუვერენული საქართველოს ტერიტორიას და მოსახლეობის უსაფრთხოებას.
თქვენ იცავთ ამ ქვეყნის მიერ მიღწეულ დემოკრატიასა და სტაბილურობას; სამშვიდობო მისიებში კი, თქვენ იცავთ ჩვენი და ჩვენი პარტნიორების და მსოფლიო უსაფრთხოებას.
ამ დამსახურებისთვის, ქვეყნის სამსახურისთვის მადლობას გიძღვნით მე და მთელი საზოგადოება, მთელი ერი. გაუმარჯოს დამოუკიდებელ, ძლიერ საქართველოს!“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.