სალომე ზურაბიშვილი - სასამართლო სისტემის კრიტიკა არ ცხრება, ზოგი სამართლიანია, ზოგი კი, პოლიტიკურად მოტივირებული, თუმცა საერთაშორისო შეფასებებით უფრო დადებითი სურათი იკვეთება
მოსამართლის დამოუკიდებლობა და სასამართლო სისტემის მიმართ საზოგადოებრივი ნდობის გაზრდა ქვეყნისთვის კვლავ პრიორიტეტად რჩება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას სხვა საკითხებთან ერთად, სასამართლო სისტემაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველომ სასამართლო რეფორმის სამი ეტაპი უკვე განახორციელა. ახლა კი, პარლამენტი რეფორმის „მეოთხე ტალღაზე“ მუშაობს.
პრეზიდენტმა განმარტა, რა პუნქტებს მოიცავს შემდეგი ეტაპი: მოსამართლეთა დისციპლინარული პასუხისმგებლობის მექანიზმების სრულყოფა: პასუხისმგებლობის ფორმები, პროცესის მიმდინარეობა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის სააგენტოს გაძლიერება; დაგროვილი საქმეების შემცირება; იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმა; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პროცედურების დახვეწა (მოსამართლეთა წარდგენისა და შერჩევის კრიტერიუმები, გამჭვირვალობა).
როგორც მან აღნიშნა, შესაბამისი ცვლილებები საგაზაფხულო სესიაზე განიხილება.
„2019 წლის გაზაფხულზე პარლამენტმა შეცვალა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევისა და წარდგენის წესი, რათა უზრუნველეყო კანდიდატების გამჭვირვალე და პროფესიული შეფასება. პარლამენტმა ვენეციის კომისიის მიერ შემუშავებული ხუთი რეკომენდაციიდან ოთხი გაითვალისწინა. შერჩევის პროცესი დადებითად შეაფასა ყველა დაინტერესებულმა მხარემ, საერთაშორისო ორგანიზაციებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ. გასაუბრებები იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. პარლამენტმა, ასევე, გაითვალისწინა ვენეციის კომისიის რეკომენდაცია და სრულად არ შეავსო უზენაესი სასამართლოს შემადგენლობა. დაინიშნა მხოლოდ 14 წევრი, აქედან უზენაესი სასამართლოს ორი მოქმედი მოსამართლეა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, პროცესს შემდეგი პარლამენტი დაასრულებს.
„დღევანდელი მდგომარეობით, 22 წევრიდან ცხრა ქალი მოსამართლეა, 40 პროცენტი. კრიტიკა გამოითქვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გამოყენებული კრიტერიუმების მიმართ, რაც მომავალში უნდა გამოსწორდეს“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
ამასთან, სალომე ზურაბიშვილი სასამართლო სისტემის მიმართ კრიტიკის თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ზოგი კრიტიკა სამართლიანი იყო, ზოგი კი, პოლიტიკურად მოტივირებული.
„სასამართლო სისტემის მიმართ კრიტიკა არ ცხრება, ზოგი სამართლიანი, ზოგი კი პოლიტიკურად მოტივირებული. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო შეფასებებით უფრო დადებითი სურათი იკვეთება: „ჰერითიჯ ფაუნდეიშენმა“ საქართველოს ევროპულ სასამართლოებს შორის მე-18 ადგილი მიანიჭა; კანონის უზენაესობის ინდექსის მიხედვით, სასამართლოს ეფექტიანობის თვალსაზრისით, საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა; „გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგის“ მიხედვით, საქართველომ საზოგადოების დაცულობის მაჩვენებლით ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-15 ადგილი, ხოლო ორგანიზებული დანაშაულისაგან თავისუფლების ინდექსის მიხედვით – მე-13 პოზიცია დაიკავა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მან „იფსოსის“ კვლევაც მოიყვანა და განაცხადა, რომ კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობა ისევე ენდობა ქართულ სასამართლოს, როგორც ევროკავშირის წამყვანი ქვეყნების მოქალაქეები საკუთარი ქვეყნების სასამართლოებს.
„ავტორიტეტული საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციის – „იფსოს“ (Ipsos) კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა ისევე ენდობა ქართულ სასამართლოს, როგორც ევროკავშირის წამყვანი ქვეყნების მოქალაქეები საკუთარი ქვეყნების სასამართლოებს, ეს ნდობა 51 პროცენტის ფარგლებში მერყეობს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და აღნიშნა, რომ ეს ციფრები თავად მეტყველებს ყველაფერზე.