სალომე ზურაბიშვილი - საქართველოზე როცა იწერება სიცრუე, სწრაფი რეაგირება გვევალება, ელჩები უფრო ყურადღებით უნდა იყვნენ, ჩვენთვის დიპლომატია გადარჩენის ფორმაა
სალომე ზურაბიშვილი - საქართველოზე როცა იწერება სიცრუე, სწრაფი რეაგირება გვევალება, ელჩები უფრო ყურადღებით უნდა იყვნენ, ჩვენთვის დიპლომატია გადარჩენის ფორმაა

სამინისტრო უფრო ღია უნდა იყოს ჩვენი ახალგაზრდებისთვის, ვინც საზღვარგარეთ სწავლობს, ვისაც ჩვენი ხარჯებით ვაგზავნით. როცა ბრუნდებიან, ახალგაზრდებს უნდა მივცეთ შანსი, დადგნენ თავიანთი ქვეყნის სამსახურში, რაც ბევრი მათგანის დიდი სურვილია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ბატონო პრემიერო, ძალიან ბევრი საქმეა, რომელსაც ალბათ მეტი რესურსი სჭირდება. დღეს დასაცავი გვაქვს ყველაფერი, ისტორია, კულტურა, ენა და პოლიტიკა, რადგან სოციალურ სივრცეში ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას ჩვენ შესახებ, თუნდაც დღევანდელი ჩვენი ვითარების შესახებ. ამას სჭირდება ძალიან სწრაფი რეაგირება და ვინ, თუ არა, ადგილზე მყოფი ჩვენი დიპლომატები არიან იმ ადგილას, სადაც უფრო სწრაფად შეუძლიათ ამაზე პასუხის გაცემა. ამას ბევრი წელია, ვიმეორებ. ჩვენ გვჭირდება მეტი საელჩო, რადგან ეს არის ინსტრუმენტი პატარა ქვეყნისთვის. თუ შენ არ გაქვს სივრცე, სადაც შეგიძლია მიიღო შენი კოლეგები, სადაც შეგიძლია, ჩვენი კულტურა წარადგინო და სადაც შეიძლება, თავი მოუყარო დიასპორას, ეს ძლიერი ინსტრუმენტი თუ არ გაქვს, ძალიან ძნელია ამ ყველაფრის გაკეთება. ბატონო მინისტრო, ჩვენ გვჭირდება მეტი დიპლომატი და ვიტყოდი, რომ სამინისტრო უფრო ღია უნდა იყოს ჩვენი ახალგაზრდებისთვის, ვინც საზღვარგარეთ სწავლობს, ვისაც ვაგზავნით საზღვარგარეთ ჩვენი ხარჯებით. როცა ბრუნდებიან, ფართოდ ღია უნდა იყოს ჩვენი კარი, რომ ამ ადამიანებს, ახალგაზრდებს მივცეთ შანსი, დადგნენ თავიანთი ქვეყნის სამსახურში, რაც ბევრი მათგანის დიდი სურვილია. ასე რომ, ყველას ერთად ბევრი საქმე გვაქვს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ელჩებს დიდი მისია აკისრიათ, რისთვისაც მათ მადლობას უხდის.

„ერთი საკითხია, რომელიც ასევე მაწუხებს. ბევრი რამ იწერება საქართველოზე. ვიცით, სხვადასხვა კუთხით ძალები ამაზე მუშაობენ და მგონი, ელჩები უფრო ყურადღებით უნდა იყვნენ. პოლიტიკურად შეიძლება, ბევრ რამეს ვერ უპასუხონ, რადგან ეს მათი საქმე არ არის, უნდა იყვნენ წარმომადგენლები ერთიანი საქართველოსი და არა რომელიმე პარტიის თუ რომელიმე მხარის, მაგრამ, როცა იწერება რამე, რაც არის სიცრუე და სჭირდება დაზუსტება, პასუხი, უფრო სწრაფი რეაგირება გვევალება. ჩვენთვის დიპლომატია არის გადარჩენის ფორმა. დიდი ქვეყნებისთვის ალბათ დიპლომატია რაღაც უფრო ლუქსის ნაწილია და ვიტყოდი, ბოლომდე ნაკლებად არიან დამოკიდებული ამ ერთ ინსტრუმენტზე. ჩვენ პრაქტიკულად, დამოკიდებული ვართ და ყველაფერი გადის ამ ხაზზე. მინდა, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ეს დღე თქვენ და ჩვენს ელჩებს, ვინც საზღვარგარეთიდან დღეს დისტანციურად გვისმენენ. გისურვოთ წარმატება, გამძლეობა, რადგან დღევანდელ დაძაბულ მსოფლიოში ძალიან რთულია მისია, რაც გაკისრიათ. მინდა, ჩემი და საზოგადოების სახელით ამისთვის მადლობა გადაგიხადოთ“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.