სალომე ზურაბიშვილი - საქართველოსთვის თავდაცვის პოლიტიკა ნიშნავს ნატო-ს ღია კართან მაქსიმალურ მიახლოებას
საქართველოსთვის თავდაცვის პოლიტიკა ნიშნავს ნატო-ს, როგორც უსაფრთხოების მთავარი უზრუნველმყოფის, ღია კართან მაქსიმალურ მიახლოებას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა ბათუმში მიმდინარე თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, ინტეგრაციის ეს პროცესი დღეს კონსტიტუციით არის გარანტირებული, მოსახლეობის მიერ მხარდაჭერილი და შეუქცევადი.
„ეს პროცესი არა მარტო მომავალს გვპირდება, არამედ უკვე აძლევს ქართულ შეიარაღებულ ძალებს შესაძლებლობას, გაზარდოს თავისი თავდაცვისუნარიანობა. ერთობლივად ჩვენ განვახორციელეთ მრავალი წვრთნა, წარმატებით დავასრულეთ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი და ახალი ფაზის დაწყებისთვის ვემზადებით, აგრეთვე ინტენსიური ორმხრივი თანამშრომლობა გვაქვს პარტნიორებთან. ამ პროცესში საქართველოს თავისი სრული წილი შეაქვს როგორც თავდაცვის საჭიროებებზე მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 2 პროცენტის ხარჯვით, ისე სამშვიდობო მისიებში მონაწილეობით ავღანეთში, ცენტრალურ აფრიკასა და მალიში“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილმა კონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს პასუხი ოკუპაციის გამოწვევებზე არის სწორედ მის თავდაცვის პოლიტიკაში, ეკონომიკურ და პოლიტიკურ განვითარებაში.
„საქართველოს პასუხი მის ეკონომიკურ განვითარებაშია, მის 5 პროცენტიან ზრდაში; ტურისტული და სასტუმრო სექტორის, აგრეთვე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, ტექნოლოგიებისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაში.
ჩვენი პასუხი მყარი დემოკრატიული განვითარებაა, ახალი კონსტიტუციით, მშვიდობიანი არჩევნებითა და ახლა სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლით, ოპოზიციურ პარტიებთან ერთად შემუშავებული ახალი საარჩევნო კანონმდებლობით, რომელიც ძალაში შევა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის და სასამართლო რეფორმით, რომელიც გადამწყვეტ ფაზაშია“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე შეფასებით, საარჩევნო მარათონის ერთ-ერთი გამოწვევაა ცრუ ინფორმაცია, დეზინფორმაცია და პოლარიზაცია, რომელიც საქართველომ უნდა გადალახოს.
„ძლიერ, ცოცხალ და მშვიდობიან საქართველოს ვთავაზობთ ჩვენს მეზობლებს და პარტნიორებს რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია ბათუმში ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. განიხილება შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები, საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში მიღწეული პროგრესი და გაწევრიანების პერსპექტივები, ჰიბრიდული საფრთხეები და საქართველოს სტრატეგიული მზადყოფნა.
ღონისძიებაში მონაწილეობენ მაღალი რანგის ქართველი და უცხოელი პოლიტიკოსები, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.