სალომე ზურაბიშვილი - საქართველოსთვის სტატუსის არმოცემა, როგორც მოქალაქეს, მეწყინა, მაგრამ შეცდომა არ იყო, იყო გაფრთხილება
საქართველოსთვის სტატუსის არმოცემა, როგორც მოქალაქეს, ძალიან მეწყინა, მაგრამ შეცდომა არ იყო, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან შეხვედრისას განაცხადა.
ზურაბიშვილის თქმით, ეს იყო გაფრთხილება.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, „რუსეთის მიერ საქართველოსთან მიმართებით გადადგმულმა ბოლო ნაბიჯებმა ევროკავშირს შეაგნებინა, რომ რუსეთი საქართველოს ეთამაშება“.
„იმ ადამიანებში, ვისთანაც მქონდა საშუალება, მესაუბრა, ნამდვილად არსებობს შეგნება, თუ რა შედეგები შეიძლება, გამოიწვიოს იმან, რომ საქართველომ სტატუსი მეორეჯერ არ მიიღოს. ვგულისხმობ, ევროკავშირის ქვეყნებისა თუ სტრუქტურების ხელმძღვანელებს, რადგან მათ ესმით ამ საკითხის სტრატეგიული ნაწილი. ერთია, პირველი სტატუსის არმოცემა, რომელიც მე არ მიმაჩნია, რომ შეცდომა იყო. მე, როგორც მოქალაქეს, ძალიან მეწყინა, მაგრამ შეცდომა არ იყო, რადგან იყო გაფრთხილება – თქვენ კიდევ ბევრი უნდა გააკეთოთ.
ახლა რადგან გაჩნდა შეგნება, რომ უკრაინასთან ომი რაც დაიწყო, რუსეთი თამაშობს, მთელი ეს პერიოდი ყველაფერში ცდება. ყველა მისი ნაბიჯი არის მცდარი. ამ შემთხვევაში, რაც დაიწყო ჩვენთან – ფრენები, უვიზო რეჟიმი, მთელი ნაბიჯები, ამან შეაგნებინა ევროკავშირს, რომ რუსეთი ეთამაშება საქართველოს. შეიძლება, ჩვენმა მთავრობამ ვერ გაიგო, მაგრამ ევროკავშირმა კარგად გაიგო – აქ არის „სოფთფაუერ“ თამაში საქართველოსთან და არ აქვთ მათ სურვილი, ასეთი გამარჯვება მისცენ ხელში იმ დროს, რომ უკრაინა იმარჯვებს თავის ფრონტზე. ამიტომ, მგონი, არსებობს რეალური შანსი, მაგრამ ჩვენც უნდა მივცეთ რამე ხელში. ეს დამოკიდებულია მთავრობაზე და არამხოლოდ. არსებობს ხალხი, სამოქალაქო საზოგადოება, პრეზიდენტი, პოლიტიკური პარტიები, ყველას გვაქვს ჩვენი სათქმელი იმისთვის, რომ ბოლომდე დავარწმუნოთ ევროკავშირი, რომ ეს იქნება სწორი გადაწყვეტილება. ხომ ვიცით კარგად, რომ ეს რეკომენდაციებია თუ პირობები, არსად არ წავა. ეს რეალურად არის ის, რაც გვჭირდება, რათა ეს ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ გამოვიდეს საბჭოთა მენტალობიდან და სტრუქტურებიდან. კი გვეუბნებიან, რომ ეს უნდა გავაკეთოთ, მაგრამ ეს უნდა გავაკეთოთ ჩვენთვის, ეს ჩვენ გვჭირდება“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.