სალომე ზურაბიშვილი - საქართველოსათვის თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროში ისრაელთან თანამშრომლობის გაღრმავება მნიშვნელოვანია
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თელ-ავივში შიმონ პერესის მშვიდობისა და ინოვაციების ცენტრს ეწვია და თანამედროვე ტექნოლოგიების უახლეს მიღწევებს გაეცნო.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ცენტრში, რომლის საქმიანობის ძირითად მიმართულებას ისრაელის ტექნოლოგიური მიღწევების პოპულარიზაცია წარმოადგენს, პრეზიდენტს ცენტრის თავმჯდომარემ, შიმონ პერესის ვაჟმა, ხემი პერესმა უმასპინძლა.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოსათვის თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროში ისრაელთან თანამშრომლობა უაღრესად მნიშვნელოვანია.
ხემი პერესის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტთან მოკლე, მაგრამ მრავლისმომცველ შეხვედრაზე ისაუბრეს პერესის მშვიდობისა და ინოვაციის ცენტრის საქმიანობასა და ინოვაციური მიდგომების გამოყენებით მშვიდობის მშენებლობაზე.
„ჩვენ შემოვიარეთ საგამოფენო დარბაზები, სადაც პრეზიდენტს ჰქონდა საშუალება ენახა ისრაელის ისტორია – თუ როგორ ჩამოყალიბდა ის ინოვაციების ერად. ვნახეთ მომავლის გამოწვევების ნაწილი და მსოფლიოს შეცვლის შესაძლებლობები. დავათვალიერეთ საგამოფენო დარბაზი, რომელიც ასახავს ისრაელის კომპანიების საქმიანობას ჯანდაცვის, მდგრადი განვითარების, კიბერნეტიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კოსმოსური სივრცის კვლევის მიმართულებით. ჩვენ წარვუდგინეთ საქართველოს პრეზიდენტს ისრაელის გლობალურ და ტექნოლოგიების განვითარებაზე ორიენტირებული მიღწევები“, – განაცხადა ხემი პერესმა.
ცენტრში წარმოდგენილია ისრაელის ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროში შექმნილი უახლესი პროდუქტები.
აღსანიშნავია, რომ შიმონ პერესი ცხოვრების ბოლო წლებში აღნიშნულ ცენტრში მუშაობდა. საქათველოს პრეზიდენტმა მისი სამუშაო ოთახი დაათვალიერა.