სალომე ზურაბიშვილი - საქართველოსა და უკრაინას აერთიანებთ არა მხოლოდ საუკუნოვანი მეგობრობა, არამედ ერთობლივი მიზნები, დეოკუპაცია, ევროკავშირი და ნატო-სკენ მიმავალი გზა
ჩვენი გზა დეოკუპაციისკენ არის ნათელი, ეს არის მშვიდობიანი გზა, ამ მიმართულებით საქართველომ გააკეთა თავის განაცხადა, უარი თქვა ნებისმიერი ძალის გამოყენებაზე, მინდა, მოვუწოდო რუსეთს, რომ იგივე გზას გაყვეს ამ რეგიონში და საერთოდ დღევანდელ მსოფლიოში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ვერც ერთი ესკალაციის პირობებში ვერ იქნება სახელმწიფოთა შორის რამე გზა მოძებნილი კონფლიქტების დაძლევისთვის.
„პირადად ჩვენ ურთიერთობებს სულ ვუფრთხილდებოდი და დღესაც ვუფრთხილდები. 2020 წლის 23 აპრილს წუხილს გამოვთქვამდი ჩვენი ურთიერთობებში გაჩენილი პრობლემის გამო. 2021 წლის 9 აპრილის ჩემს საპარლამენტო სიტყვაში აღვნიშნე, რომ „არ მინდა, 9 აპრილს, რომელიც ჩვენი დამოუკიდებლობის გამყარების დღეა, დავასრულო, არ ვახსენო უკრაინელი მეგობრების დღევანდელი ბრძოლა და გამოვუცხადო სოლიდარობა. მიმაჩნია, დღეს სოლიდარობის ნიშნად აუცილებელია, რომ სასწრაფოდ დავაბრუნოთ ელჩი კიევში“, რასაც მოჰყვა ჩვენი ურთიერთობების ფორმალური აღდგენა. ამის შემდეგ იყო რამდენიმე ორმხრივი ვიზიტი, პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრების და დღეს ჩვენი აქ ოფიციალური შეხვედრა.
ძალიან მადლობელი ვარ ამისთვის და ვთვლი, რომ ორივე ქვეყნის პრეზიდენტები უნდა უფრთხილდებოდნენ ჩვენი ქვეყნების ურთიერთობას. ჩვენი ურთიერთობა უბრუნდება საკუთარ ნორმას, რომელიც დაფუძნებულია ორ მთავარ პრინციპზე, ხალხთა შორის საუკუნოვან მეგობრობაზე და ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენობის მუდმივ, ურყევ მხარდაჭერაზე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, დღეს საქართველოსა და უკრაინას აერთიანებთ არა მხოლოდ საუკუნოვანი მეგობრობა, არამედ პარალელური ამოცანები და ერთობლივი მიზნები.
„ეს არის ჩვენი ქვეყნებისა და ტერიტორიების დეოკუპაცია, ევროკავშირი და ნატო-სკენ მიმავალი გზა, ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის გაზრდა. დეოკუპაცია არის ჩვენი ქვეყნების ტკივილი, წუხილი და გამოწვევა. საქართველოს გამოწვევაა დეოკუპაცია და ამ კუთხით ახალი სტრატეგიის ჩამოყალიბება, დებორდერიზაცია, ადამიანის უფლებების დაცვა. არ შეიძლება, ამ მიმართულებით არ აღვნიშნო სტრასბურგის სასამართლოს დასკვნა, რაც არის საქართველოსთვის დიდი გამარჯვება და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებელი მოქალაქეებთან ურთიერთობების აღდგენა.
არ შეიძლება, რუსეთისგან გაგრძელდეს ყოველდღიური პროვოკაციები, დელიმიტაციის ხაზზე გადაადგილება, გატაცებები. დღეს მინდა, კიდევ ერთხელ ვახსენო ჩვენი მოქალაქე გახელაძე, რომელიც არის 12 წლით დაკავებული, სახელმწიფო უწყებები მუშაობენ მისი გათავისუფლებისკენ და ყველა ჩვენი პარტნიორებისგან ველოდებით ამ კუთხით პირდაპირ მხარდაჭერას. ჩვენი გზა დეოკუპაციისკენ არის ნათელი, ეს არის მშვიდობიანი გზა. ამ მიმართულებით საქართველომ გააკეთა თავის განაცხადა და უარი თქვა ნებისმიერი ძალის გამოყენებაზე. მინდა, მოვუწოდო რუსეთს, რომ იგივე გზას გაყვეს ამ რეგიონში და საერთოდ დღევანდელ მსოფლიოში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, პანდემიის შემდეგ ყველა უნდა მიხვდეს, რომ სტაბილიზაციის, დეესკალაციისა და დიალოგის გარდა, სხვა გზა არ არის.
„დიალოგს სჭირდება დეესკალაცია და მინდა, მკაფიოდ ვთქვა, რომ კიევიდან იყოს ეს ნათქვამი. ვერც ერთი ესკალაციის პირობებში ვერ იქნება სახელმწიფოთა შორის რამე გზა მოძებნილი კონფლიქტების დაძლევისთვის. ამ გზაზე ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების ჩართულობა, მხარდაჭერა არის აუცილებელი, ვიცით, რომ არსებობს და იარსებებს. ბევრზე კარგად გვესმის უკრაინის მძიმე მდგომარეობა, ერთი მხრივ, ყირიმის ოკუპაცია, მეორე მხრივ, აღმოსავლეთ რეგიონებზე მიმდინარე რუსეთის სამხედრო დესტაბილიზაციისა და ესკალაციის ფონზე. მინდა, გამოვიყენო ეს საშუალება, დაღუპული მეომრების ოჯახებს მივუსამძიმრო და ქართველი ხალხის თანადგომაც გამოვუცხადო“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.