სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს კარგად ესმის, რას ნიშნავს თავისუფლებისთვის ბრძოლა, დიდია აშშ-ის როლი რეგიონში სტაბილურობისთვის, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა სწორედ ამ მიზანს ემსახურება
სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს კარგად ესმის, რას ნიშნავს თავისუფლებისთვის ბრძოლა, დიდია აშშ-ის როლი რეგიონში სტაბილურობისთვის, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა სწორედ ამ მიზანს ემსახურება

საქართველოს კარგად ესმის, რას ნიშნავს ომი, ოკუპაცია და თავისუფლებისთვის ბრძოლა, ესმის სოლიდარობის ფასი და ამიტომ, დღეს ვნების კვირის დიდ ხუთშაბათს, როცა ალყაში მოქცეული მარიუპოლი უნდათ, რომ აწამონ და ახალ სტალინგრადად აქციონ, მინდა, აქ და თქვენი თანდასწრებით, უკრაინელ ხალხს გამოვუცხადო საქართველოს სრული თანადგომა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ამერიკელ კონგრესმენებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, დღეს, როგორც არასოდეს, აშშ-ის მხარდაჭერა, ორ ქვეყანას შორის მყარი ურთიერთობა სასიცოცხლოდ სჭირდება საქართველოს, კონგრესმენების ჩამოსვლით დასტურება, რომ საქართველოსა და აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობა სიტყვა კი არ არის, რეალობაა.

„მოხარული ვარ, რომ დღეს სწორედ ამ სასახლეში, სადაც 30 წლის წინ ამერიკის საელჩო გაიხსნა, აშშ-ს კონგრესის მაღალი დონის დელეგაციას ვმასპინძლობთ და მათთან ერთად 30-წლიანი ურთიერთობების შესახებ გამოფენასაც გავხსნით. ამ 30 წლის განმავლობაში ჩვენ ვიგრძენით თქვენი ურყევი მხარდაჭერა, ჩვენი სახელმწიფო მშენებლობის დემოკრატიულ-ეკონომიკური განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ურყევი იყო თქვენი მხარდაჭერა, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენობისა ყველაზე რთულ მომენტებშიც კი. საქართველომაც მრავალი წლის განმავლობაში თქვენთან ერთად შეიტანა წვლილი გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში და ღირსეულად შეასრულეს ქართველებმა თავიანთი მისია, ავღანეთსა და თუ ერაყში. დღეს, როგორც არასოდეს, თქვენი მხარდაჭერა, ორ ქვეყანას შორის მყარი ურთიერთობა სასიცოცხლოდ გვჭირდება საქართველოს, თქვენი აქ ჩამოსვლით გიდასტურებთ, რომ საქართველოსა და აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობა სიტყვა კი არ არის, რეალობაა. საქართველო რჩება თქვენთვის და თქვენი ყურადღების ქვეშ, რაც ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, დღეს მსოფლიო უსაფრთხოება და მშვიდობა უპრეცედენტო გამოწვევის წინაშეა.

„დღეს უკრაინა არა მხოლოდ საკუთარი სუვერენიტეტისა და თავისუფლებისთვის იბრძვის რუსეთის ტოტალური აგრესიის წინააღმდეგ, არამედ ის ასევე, ჩვენი და მთელი ევროპის თავისუფლებისა და მშვიდობისთვის იბრძვის. ყველა ვხედავთ, რაოდენ შემართებით უმკლავდება იგი აგრესიასა და აგრესორს. უკრაინა ბრძოლაში მარტო არ არის. ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა პირველივე დღიდან ამერიკის მიერ გამოცხადებული სოლიდარობა, ევროკავშირისა და ამერიკის ქვეყნებს შორის უპრეცედენტო ერთიანობა უკრაინისა და უკრაინელების მხარდასაჭერად.

საქართველოს კარგად ესმის, რას ნიშნავს ომი, ოკუპაცია და თავისუფლებისთვის ბრძოლა, ესმის სოლიდარობის ფასი და ამიტომ, დღეს ვნების კვირის დიდ ხუთშაბათს, როცა ალყაში მოქცეული მარიუპოლი უნდათ, რომ აწამონ და ახალ სტალინგრადად აქციონ, მინდა, აქ და თქვენი თანდასწრებით, უკრაინელ ხალხს გამოვუცხადო საქართველოს სრული თანადგომა. დღეს ჩვენი ერთად დგომა კიდევ ერთი ძლიერი გზავნილია, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას არავინ დათმობს. ამ მძიმე კონტექსტში, თქვენი ვიზიტი კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. ეს ვიზიტი ხაზს უსვამს, რომ საქართველოს არ ივიწყებთ და თქვენი ყურადღება საქართველოს მიმართ არ ნელდება არც მიმდინარე ომის ფონზე, არც სხვა გამოწვევებიდან გამომდინარე. ამერიკის როლი დიდია რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის გამყარებისათვის და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა სწორედ ამ მიზანს ემსახურება. მნიშვნელოვანია, რომ ერთად ვიზრუნოთ შავი ზღვის უსაფრთხოებაზე და კავკასიის რეგიონის სტაბილურობაზე“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, აშშ-ის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, როცა საქართველო უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, ემზადება ევროპული ინტეგრაციის ახალი გადამწყვეტი ეტაპისთვის.

„თქვენი მხარდაჭერა საკვანძო იქნება მადრიდის ნატო-ს სამიტზე, რათა ღია კარის პოლიტიკას მიეცეს ახალი ბიძგი და ახალი პერსპექტივა. ბოლოს, ჩვენ ორმხრივ ურთიერთობაში თქვენი ხმა გადამწყვეტი იქნება, რათა ყველა სფეროში ჩვენი ურთიერთობები გაღრმავდეს, გაძლიერდეს და გადავიდეს ახალ საფეხურზე შემდეგი 30 წლისთვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.