სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება აუცილებელია, ეს არის უსაფრთხოების აუცილებლობა და ერთადერთი პერსპექტივა ქვეყნისთვის
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება აუცილებელია, ეს არის უსაფრთხოების აუცილებლობა და ერთადერთი პერსპექტივა ქვეყნისთვის, რომელიც ცივილიზაციურად იზიარებს ევროპულ ღირებულებებს, თუმცა დღეს მთავარი საკითხი უსაფრთხოებაა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიუნხენში, პანელურ დისკუსიაზე „სკამების დამატება მაგიდასთან: უფრო ღრმა, ფართო და უნარიანი ევროკავშირი“ განაცხადა.
ზურაბიშვილის თქმით, ევროკავშირის უდიდეს ინტერესებშია, რომ მოხდეს პრევენცია და რუსეთი არ იქცეს ექსკლუზიურ ძალად შავ ზღვაში.
„უსაფრთხოების აუცილებლობა უნდა იგრძნოს ევროკავშირმაც, რადგან შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორი იქნებოდა დღევანდელი ომი უკრაინაში, თუ ევროკავშირის წევრები არ იქნებოდნენ პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, რუმინეთი, ბულგარეთი. ასე რომ, ევროკავშირში წინა გაფართოებამ, ფაქტობრივად, უზრუნველყო დამატებითი უსაფრთხოება მთელი ევროკავშირისთვის. შემდეგი გაფართოება, რომელიც საქართველოს და უკრაინასაც მოიცავს, ევროკავშირისთვის და ჩვენთვის უსაფრთხოების დამატებით ღირებულებას შექმნის. ეს არის სოლიდარობა და საერთო ღირებულებები. ამავე დროს ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი უსაფრთხოების პრობლემა, რომელიც საერთოა და, რაზეც არ ვსაუბრობთ საკმარისად, რაც არის შავი ზღვა. რასაც რუსეთი ახლა აკეთებს, არის ის, რაც მან დააანონსა 2007 წელს, რომ ის არ მისცემდა საშუალებას დასავლეთს, შესულიყო შავ ზღვაში. და რა მოხდა 2007 წლის შემდეგ? ჯერ იყო 2008 წელს საქართველო, რომელიც შავი ზღვის პირას მდებარეობს, შემდეგ – ყირიმი, მთავარი ადგილი შავ ზღვაში და შემდეგ ომი უკრაინაში. რუსეთმა წინასწარ თქვა, რის გაკეთებას აპირებდა და ახლა აკეთებს. ჩემი აზრით, ევროკავშირის უდიდეს ინტერესებშია და, ცხადია, საქართველოსთვის, ჩვენი უსაფრთხოებისთვის, დაკავშირებადობისთვის ევროპასთან, რომ მოხდეს პრევენცია და რუსეთი არ იქცეს ექსკლუზიურ ძალად შავ ზღვაში, რის გაკეთებასაც მოსკოვი ახლა ცდილობს. ეს მნიშვნელოვანია მომავლისთვის და კომუნიკაციებისთვის, რომელთა მნიშვნელობა მომდევნო წლებში გაიზრდება, ასევე ტრანსპორტის და ენერგოუსაფრთხოებისთვის. ასე რომ, ჩვენ ამის პრევენცია უნდა მოვახდინოთ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირის გაფართოება საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
„ეს არ არის პროცედურული საკითხი, მოწონება-არმოწონების საკითხი. სხვა არჩევანი არ არის. გაფართოება თქვენთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან თუ შევხედავთ გლობალურ სურათს, ვფიქრობ, ხანდახან გვავიწყდება, რომ რუსეთი არამარტო შეიჭრა უკრაინაში და ის ემუქრება ჩვენს ყველა ქვეყანას კიბერშეტევებით, ჰიბრიდული ომით, არამედ უკვე საუბარია თანამგზავრების საწინააღმდეგო შეიარაღებაზე, რომელიც კომუნიკაციებს ემუქრება, ჩვენი ქვეყნების მთელ ლოჯისტიკას. ვფიქრობ, რომ ამ საკითხების გადასაჭრელად საჭიროა ახალი ენერგია. მეტი უნდა გავაკეთოთ ჩვენც, ვსაუბრობ საქართველოზე, რეფორმების დასაჩქარებლად, მაგრამ ვერაფერი შეცვლის იმ ფაქტს, რომ ჩვენ არ გვაქვს სხვა ალტერნატივა გარდა იმისა, რომ ვიყოთ ერთად, ვიყოთ ერთიანები, ვიყოთ მეტად დემოკრატიულები, აღვუდგეთ დღევანდელ ავტოკრატიათა ალიანსს, რომლებიც აღვივებენ ტერორიზმს, კიბერთავდასხმებს, ყველა საფრთხეს, რომელიც ერთი და იმავე მიმართულებიდან მოდის. მოდი შევხედოთ ამ სურათს, რათა არ დავრჩეთ კომფორტის ზონაში“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.