სალომე ზურაბიშვილი - საქართველომ დემოკრატიის ტესტები უკვე ჩააბარა, მაგრამ ეს პროცესი უნდა დასრულდეს, ახლა უმთავრესი მშვიდობიანი და სამართლიანი არჩევნების სამაგალითოდ ჩატარებაა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს დიალოგში მონაწილე ელჩებს შეხვდა.
საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა ფასილიტატორ ელჩებს პროცესში ჩართულობისათვის, რომელიც ორიენტირებული იყო ქვეყანაში სტაბილურობის გამყარებისკენ.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა დიპლომატებთან ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველომ დემოკრატიის ტესტები უკვე ჩააბარა, მაგრამ ეს პროცესი უნდა დასრულდეს და ახლა უმთავრესი მშვიდობიანი და სამართლიანი არჩევნების სამაგალითოდ ჩატარებაა.
„როგორც აქამდე, მე ვიქნები სტაბილურობის გარანტი. შეწყალებასთან დაკავშირებით მიღებული ჩემი გადაწყვეტილება სწორედ ამით იყო განპირობებული.
სტაბილურობისა და დეპოლარიზაციისთვის მშვიდი გარემოს უზრუნველყოფად, მიუღებელია ფეიკნიუსები, დეზინფორმაცია, სიძულვილის ენა, ჩვენს პარტნიორებზე და სხვადასხვა ორგანიზაციებზე, მაგალითად, ლუგარის ცენტრზე თავდასხმები.
იმისათვის, რომ საქართველომ კიდევ ერთი გამოცდა წარმატებით ჩააბაროს და სტაბილურობას არაფერი დაემუქროს, გვმართებს მეტი ყურადღება, რადგან როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ არის სხვადასხვა სახის მცდელობები. და სწორედ ამ პერიოდში უცხოელი პარტნიორების ჩართულობა და მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე, საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი, საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში.