სალომე ზურაბიშვილი - საქართველო ევროინტეგრაციის გზიდან არ გადაუხვევს, რადგან სხვა ალტერნატივა არ აქვს
საქართველომ აირჩია ევროინტეგრაციის გზა და ამ გზიდან არ გადაუხვევს, რადგან სხვა ალტერნატივა არ აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტის პრეზიდენტ, ანტონიო ტაიანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ორი დღის განმავლობაში ბრიუსელში გამართულ შეხვედრებზე გამოხატა საქართველოს მხარდაჭერა და ქვეყნის დახმარების მიზნით მეტის კეთების სურვილი.
„საქართველომ აირჩია ევროინტეგრაციის გზა და მას არ გადაუხვევს, რადგან სხვა ალტერნატივა არ აქვს. ამ ხედვას იზიარებს როგორც ქართველი ხალხი, ისე პოლიტიკური ლიდერები, პარლამენტი და პოლიტიკური ძალები. სწორედ ამიტომ გაკეთდა ჩანაწერი კონსტიტუციაშიც, რომელიც დეკემბრიდან შევიდა ძალაში. მადლობელი ვარ ყველა შეხვედრისთვის, რაც ამ ორი დღის განმავლობაში გაიმართა ბრიუსელში. ყველამ გამოხატა საქართველოს მხარდაჭერა და ჩვენი დახმარების მიზნით მეტის კეთების სურვილი. ჩვენ მეტი თანამშრომლობა გვსურს. ვიცით, რომ ინტეგრაცია მოკლე დროში ვერ მოხერხდება, მაგრამ მუშაობას გავაგრძელებთ. რეალისტები ვართ, მაგრამ ამავდროულად, საკმაოდ ამბიციურებიც. მადლობას ვუხდი პარლამენტს პოლიტიკური მხარდაჭერისთვის ყველა საკითხის გამო, რაც მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. მათ შორის, განსაკუთრებით აღსანიშნავია ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი. ვისაუბრეთ ევროპარლამენტში საქართველოს კვირეულის შესახებ, რომელიც ქართული კულტურის, როგორც ევროპულის აღიარების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.